მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩინეთის ელჩი: „ჩაის სმა ჩინელი და ქართველი ხალხის საერთო ჰობია“

60b7c3342bfa9
თამთა ჯიჯავაძე
03.06.21 00:13
1021
ჩაის სმა ჩინელი და ქართველი ხალხის საერთო ჰობია, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა Forbes Georgia-სა და Bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ჩაი ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირის მოწმეა.

„ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ცნობილმა ჩინელმა მეწარმემ – ლიუ ძძუინჭოუმ ჩაის მოყვანის ტექნოლოგია საქართველოში ჩამოიტანა, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურის გაცვლის საინტერესო ისტორიად იქცა. 2015 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს, ჩაის მეურნეობის აღორძინებისა და განვითარების თაობაზე მხარეებს შორის კონსენსუსი შედგა და შემდეგ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი. საქართველოს მთავრობის მოწვევით, ამჟამად ჩინური ჩაის კომპანიები ჩაის პლანტაციებს აშენებენ, რათა საქართველოს ჩაის ინდუსტრიის აღდგენაში დაეხმარონ“, - განაცხადა ელჩმა.

ჩინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს, როგორც რეგიონში ჩაის მნიშვნელოვან მწარმოებელს, მდიდარი ჩაის კულტურა და განვითარების ფართო პერსპექტივა აქვს.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარებასა და ზრდას, მზად ვართ, მომავალშიც მივიწვიოთ ქართველი მეწარმეები და ექსპერტები ჩინეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ჩაის ინდუსტრიის სემინარებსა და გამოფენებზე დასასწრებად, სადაც მათ ჩინეთისა და მსოფლიოს ჩაის კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავების საშუალება ექნებათ. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ჩაის სფეროში თანამშრომლობის დონის ზრდას“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები