„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი იყო, სებ-ში არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი. ასე ეხმაურება კობახიძე კანონზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელის მოწერას.
„უნდა ითქვას, რომ აბსურდთან გვაქვს საქმე. ერთადერთი განსხვავება ვეტოსა და ჩვენ მიერ მიღებულ კანონს შორის იყო ის, რომ ვეტო ითვალისწინებდა სამი ვიცეპრეზიდენტის არსებობას ეროვნულ ბანკში და ჩვენი კანონი ითვალისწინებდა პირველ ვიცე-პრეზიდენტს პლუს ორ ვიცე-პრეზიდენტს. მეტი განსხვავება ამ ორ კანონს შორის არ ყოფილა.
ამის გარშემო ამხელა აჟიოტაჟი მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას სურს, ხელოვნურად გააღრმავოს ინსტიტუციური კრიზისი, შექმნას ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, ხელი შეგვეშალა ამ მიზნის რეალიზებისთვის, არ შექმნილიყო ინსტიტუციური კრიზისი ეროვნულ ბანკში და სწორედ ამის გამო დავძლიეთ ვეტო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შალვა პაპუაშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მოაწერა ხელი
შეგახსენებთ: ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. კანონპროექტზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, ხოლო მოგვიანებით თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა მას ხელი.
ახალი კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.