მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი კერძებიდან გამომდინარე, ძალიან დიდი პოპულარობა დავიმსახურეთ” - A North Home

A North Home

სასტუმრომ თუშეთში, კერძოდ ზემო ომალოში, რომელიც შარშან გაიხსნა, თავისი ვეგანური და ვეგეტარიანული კერძებით დიდი პოპულარობა დაიმსახურა, -  ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა, ლევან თავბერიძემ Bm.ge-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“მოგეხსენებათ, ზემო ომალოს გზა მხოლოდ 4 თვეა გახსნილი, ფაქტობრივად, ტურიზმის თვეები ჩვენთვის მხოლოდ ივლისი-აგვისტოა, ჯამში, სულ რაღაც 5 თვეა ვფუნქციონირებთ, ამ მოკლე პერიოდში კი შევძელით და ბევრ ადამიანს მოვაწონეთ თავი, ჩვენი ვეგანური და ვეგეტარიანული სერვისი თუშეთში მხოლოდ ჩვენ გვაქვს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის სასტუმროს და იზიდავს ტურისტებს, ძალიან ბევრი ადამიანი ამოდის თუნდაც მხოლოდ საუზმისთვის ან ვახშმისთვის’, - განმარტა მან.

სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ორ სართულიანი სასტუმრო, პატარა კაფე და საკემპინგო ადგილები, სადაც ვიზიტორებს უფასოდ შეუძლიათ კარვებით დარჩენა.

‘სასტუმროს პირველ სართულზე - 3, ხოლო, მეორე სართულზე 4 ნომერი გვაქვს განთავსებული, საფასო სეგმენტიც საკმაოდ ბიუჯეტურია, ღამის გათევა კაცზე - 50, ხოლო ორ კაცზე 80 ლარია საუზმის გარეშე. საუზმის ღირებულება ჩვენთან 20 ლარია, ლანჩის ღირებულება 15 ლარი, ვახშმის კი - 30 ლარი, ჩვენ მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული სამზარეულო გვაქვს, ამასთან, ვცდილობთ ვიყოთ ეკო-მეგობრულები, გვაქვს მზის პანელებზე მომუშავე ტექნიკა”, - თქვა თავბერიძემ.

მენეჯერმა მიმდინარე წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს წელი წინა წელთან შედარებით ბევრად მომგებიანია.

“შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი წელი ბევრად უკეთესია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ჩვენს შესახებ, ჩამოდიან ტურისტები უცხო ქვეყნებიდან, ამ ყველაფერში ძალიან დაგვეხმარა Booking.com-ი, სადაც უცხოელ ტურისტებს შეუძლიათ ნომრების დაჯავშნა, სტუმრების უმრავლესობა არ ელოდება, რომ აქ, ასეთ ადგილას, ვეგანური, ეკომეგობრული გარემო დახვდებათ”, - დასძინა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლევან თავბერიძე აღნიშნავს, რომ გეგმები დიდია.

“პროექტის მიხედვით ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია მშენებლობა, სამომავლო გეგმებშია მშენებლობის დასრულება, ამჟამად, აქტიურ რეჟიმში ვაშენებთ კაფე-ბარს სასტუმროს ტერიტორიაზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება გემრიელი კერძების მირთმევა ან, უბრალოდ განტვირთვა,  ამასთან, სასტუმროს ტერიტორიაზე პატარა თუშური კოშკის დიზაინის კოტეჯების ჩადგმაც იგეგმება, ვცდილობთ, ძალიან მეგობრული და კომფორტული გარემო შევუქმნათ ტურისტებს, ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოგება არ არის, გვინდა ეს ადგილი უფრო მეტ ადამიანს შევაყვაროთ”, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები