მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მოლოდინით, FDI-ს ზრდა წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს“ – დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი
BM. GE
11.09.23 20:33
3

„საქართველოს გასულ წელს ჰქონდა რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბიდან და მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, 2022 წელს და ასევე მიმდინარე წელს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება აუცილებელია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა შესრულდეს, რაც 2030 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებობს.

„ეს არ არის განვითარება გარკვეული პროცენტით ზრდის კუთხით, არამედ ეს არის ტრანსფორმაცია, რადგან ქვეყანა, თვისობრივად, სხვანაირი ხდება, როდესაც უკვე მაღალშემოსავლიანი ეკონომიკების ჯგუფში გადადის. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ წლის ბოლოსთვის მოლოდინი გვაქვს, 8000 დოლარი იყოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ანუ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ათი ათასიან ზღვარს, როდესაც ქვეყნები იყოფა მაღალშემოსავლიანად და ჩვენ ვართ საშუალოშემოსავლიან ჯგუფში, თუმცა, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა ჩვენი ეკონომიკა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით ეკონომიკის ზრდის, მათ შორის, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ძალიან მნიშვნელოვანი წყარო არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის კუთხით კიდევ სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ფინანსური შემოდინების გარდა, როგორც წესი, ამას მოჰყვება კომპეტენცია, ასევე ბევრი სხვა რამ იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ინვესტიციები თითქმის 30%-მდე მეტია წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით და 500 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში თითქმის 11%-იანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით და როგორც მოგახსენეთ, შარშან იყო რეკორდული წელი. ასე რომ, ეს დადებითი ტენდენცია, ჩვენი მოლოდინით, წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ცალსახად მიუთითებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და, ზოგადად, ქვეყნის მიმართ მაღალ ნდობაზე ინვესტორების მხრიდან. ინვესტიციები, ქვეყნების მიხედვითაც საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთი არის პირველ ადგილზე, ასევე ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ, იაპონია - ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ზუსტად ამ ხარისხობრივ ინვესტიციებს ვგულისხმობ, რომელსაც მოჰყვება ასევე კომპეტენცია“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციაზე მოდის, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია. სექტორების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილი ენერგეტიკის, მესამე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებმა დაიკავეს.

2023 წლის მეორე კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ნიდერლანდები იყვნენ. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების
მთლიანი მოცულობის 78%-ს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები