მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენს პორტებს 10-15%-ით ზრდის შესაძლებლობა აქვს - გიორგი კაჭარავა

63d7bf87c0ba0
ელენე გოგბერაშვილი
30.01.23 20:34
652
რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, უკრაინული პორტების ბლოკადის შედეგად უკრაინიდან ექსპორტი მნიშვნელოვნად შეფერხდა. პარალელურად გაიზარდა შავი ზღვის ქვეყნების პორტების დატვირთვა.

ტრანსკასპიური მარშრუტი ანუ შუა დერეფანი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია. ომის ფონზე, ეს უმოკლესი გზაა აზიიდან მომავალი ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში მოხვდეს. სატრანსპორტო ხაზების გადალაგების შედეგად, წინა პლანზე განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სატრანზიტო მნიშვნელობა წამოწია.

„ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით ტვირთნაკადი დაიძრა საქართველოსკენ და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტვირთების გატარება. დაახლოებით 10-15%-ით ზრდის შესაძლებლობა აქვს ჩვენს პორტებს,“ - ამბობს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა.

მისი თქმით, გამოწვევები ბევრია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე რეგულაციურ ნაწილში, ამიტომ მნიშვნელოვანია შავი ზღვის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია.

„აუცილებელია კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან, ვინაიდან შავი ზღვა არის შუა კორიდორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლის მეშვეობით საქართველოს შეუძლია დაუკავშირდეს ევროკავშირის ქვეყნებს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ყველა საინტერესო პროექტის ხელშეწყობა და განვითარება. მნიშვნელოვანია არამხოლოდ მთავრობებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობა, არამედ სრული კოორდინაცია იმ შესაძლებლობების, რაც მოგვცემს კონკრეტულ შედეგებზე გასვლას, მათ შორის მნიშვნელოვანია საბაჟოებს შორის თანამშრომლობის გაზრდა.

კონკურენტული რომ იყოს საქართველო და მეზობელი ქვეყნები, შუა კორიდორში უნდა მოხდეს ამ ტვირთის დაუყოვნებლივ, მარტივი პროცედურებით გატარება, და არ უნდა შეიქმნას დამატებითი ბარიერები ამ ტვირთის გატარების კუთხით. საქართველოს საბაჟო ძალიან კარგად უმკლავდება, თუმცა სასურველია მეტი კოორდინაცია მეზობელ ქვეყნებთან“,-აცხადებს გიორგი კაჭარავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები