ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Cisko კომპანია Splunk-ს 28 მილიარდ დოლარად ყიდულობს. მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეულია და ეს მიმდინარე წელს ტექნოლოგიურ სექტორში დაფიქსირებულ უმსხვილეს გარიგებას წარმოადგენს.
კომპანია Splunk-ი კიბერუსაფრთხოების სფეროში ოპერირებს და პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის. Splunk-ის შეძენით Cisko პორტფელის გაფართოებას და კიბერუსაფრთხოების მიმართულების ბაზრის წილის გაზრდას გეგმავს.
ანალიტიკოსების შეფასებით, Cisko-ს ეტაპობრივად პროფილის შეცვლა და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე გადასვლა სურს, რადგან საკომუნიკაციო მოწყობილობების ბაზარი სტაგნაციას განიცდის, პროგრამული სექტორი კი სწრაფი ტემპით იზრდება, რასაც განსაკუთრებით აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის გამოჩენა.
$28-მილიარდიანი შეფასება Splunk-ის საბაზრო ფასთან შედარებით 21%-იან პრემიუმს წარმოადგენს, ეს კი სწორედ ის მოგება იქნება, რომელსაც Splunk-ის ინვესტორები მიიღებენ.
რაც შეეხება Cisko-ს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 217 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ტექნოლოგიური გიგანტი 1984 წელს კალიფორნიაში დაფუძნდა და მას შემდეგ ის ანტენების, ანძების, გადამცემებისა და ელექტრონული მოწყობილობების წარმოების მიმართულებით ლიდერობას ინარჩუნებს.