მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-მა ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვების ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე გადაავადა

649d75c7a876f
შოთა ტყეშელაშვილი
29.06.23 16:16
817
კომუნიკაციების კომისიამ, მობილური ოპერატორებისთვის, მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ რეგულაციის ამოქმედების ვადა 1 წლით გადაწია. აქამდე მოქმედი ნორმის თანახმად, MVNO-ების სავალდებულო დაშვება 30 ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, გადავადება უკავშირდება იმ კვლევას, რომელსაც კომისია ატარებს. მარეგულირებლის ინფორმაციით, ისინი MVNO-ებთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ამ კვლევის შედეგებით იხელმძღვანელებენ.

MVNO-ები ჩვეულებრივი მობილური ოპერატორისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი ქსელური ინფრასტრუქტურა და მომსახურების გასაწევად უკვე არსებული ოპერატორების ანძებსა და ქსელებს იყენებენ. საქართველლში პირველი ასეთი ოპერატორი უკვე არსებობს და მას “ეკლექტიკი” ეწოდება. აღნიშნული კომპანია “სილქნეტის” ქსელურ ინფრასტრუქტურას იყენებს აბონენტებისთვის მომსახურების გასაწევად.

“2019 წელს, ComCom-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, კერძოდ, “მაგთიკომს”, “სილქნეტსა” და “ვიონი საქართველოს” (სელფი მობაილი), MVNO-ს ქსელთან დაშვების ვალდებულება დაკისრებოდათ. თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობისთვის, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკვირვებოდა პროცესს და ქსელის მფლობელ ოპერატორებს, MVNO-სთვის შეთავაზების გამოქვეყნების საბოლოო ვადად 2023 წლის 30 ივნისი განუსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქმიანობა დაიწყო პირველმა ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორმა “ჰალლო”-მ, თუმცა, დაშვების მსურველ სხვა კომპანიებსა და ქსელის მფლობელ ოპერატორებს შორის, მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა და შეთანხმება ვერ შედგა.

2022 წელს, ComCom-მა ევროკავშირის დაფინანსებით, “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების” (AA Facility) ფარგლებში, ტელეკომ ბაზრის კომპლექსური კვლევა დაიწყო. კვლევა “AA Facility”-ის პროექტის მიერ შერჩეული ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით მიმდინარეობს და მიზნად ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების გამოვლენასა და კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმების დადგენას ისახავს. სწორედ ამიტომ, კვლევის ფარგლებში, შეფასდება ტელეკომ ბაზარზე არსებული კონკურენცია და საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, დადგინდება შესაბამისი რეგულირებადი ბაზრები, განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და დაეკისრებათ სპეციფიკური ვალდებულებები. აღნიშნული ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და შექმნან ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებები. ქსელის მფლობელი ოპერატორები კი, საკუთარი ქსელის შესაძლებლობების ათვისებას შეძლებენ.

გამომდინარე იქედან, რომ კომპლექსური კვლევა სამუშაო მოცულობის კუთხით მასშტაბურია, პროექტის დასრულება 2023 წლის შემდგომ პერიოდშია მოსალოდნელი. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “მობილური ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ” გადაწყვეტილებაში, შევიდეს ცვლილება და მობილური ოპერატორებისთვის, MVNO-ს ქსელზე დაშვების ვალდებულების ამოქმედება 2024 წლის 30 ივნისამდე გადავადდეს, რათა კომისიამ, კვლევის შედეგების გათვალისწინებით, ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღება შეძლოს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესვლის ბარიერების მოხსნა უმნიშვნელოვანესია როგორც მობილური ვირტუალური ოპერატორების, ასევე, ფიქსირებული მომსახურებების ბაზარზე ე.წ. “ბითსტრიმ” სეგმენტზე დაშვების თვალსაზრისით. ვინაიდან, აღნიშნული ხელს უწყობს საცალო მომსახურებების ბაზარზე როგორც კონკურენტული გარემოსა და ხელმისაწვდომი მომსახურებების შექმნას, ასევე, ინოვაციური სერვისების დანერგვას,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები