"ნებისმიერი ინვესტიცია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა განხორციელდეს“, - ასე უპასუხა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციას შეეხებოდა.
დაინტერესდა თუ არა ბიზნესომბუდსმენის აპარატი „ნამახვანჰესის“ ინვესტორის პრობლემით და ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია კომპანია ENKA-სთან? – bm.ge-ის ამ კითხვის პასუხად ნინო კვეტენაძემ გვითხრა, რომ ENKA-ს მათთვის არ მიუმართავს, თუმცა კონკრეტული პასუხი არ გაგვცა იმაზე, ჰქონდა თუ არა ინვესტორთან დაკავშირების მცდელობა თავად ბიზნესომბუდსმენის აპარატს.
„კონკრეტულად ჩვენი ოფისის გავლით არც ერთი დაწესებულებას ჩვენთვის არ მოუმართავს. თუ კომპანია ჩვენს ჩართულობას საჭიროდ ჩათვლის, ჩვენი უფლებამოსილება კანონით არის დადგენილი და ბუნებრივია, ჩავერთვებით. ჩვენი ინტერესი არის ინვესტორის დამოკიდებულება და განცდა, თუმცა ინვესტორს არ გამოუხატავს სურვილი, ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწორად ვფუნქციონირებთ“, - აცხადებს ნინო კვეტენაძე.
რაც შეეხება იმას, რა გზავნილია „ნამახვანჰესის“ პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სხვა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ენერგეტიკასა თუ სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ, ბიზნეოსმბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ „ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის“.
„საპროტესტო აქციის ნაწილის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რადგან არ ვთვლი, რომ ჩვენი შესაფასებელია აქტივისტების აქტიურობის შინაარსი. საინვესტიციო გარემოს კუთხით სასიამოვნო ნამდვილად არ არის, თუნდაც სხვა ინვესტორისთვის, რომელიც მსგავს პროექტებს ხედავს, თუმცა არ ვიცით სხვა ინვესტორების დამოკიდებულება. კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, ორიენტირებულია ყველა მხარესთან დიალოგზე“, - განაცხადა ნინო კვეტენაძემ.
შეგახსენებთ: „ნამახვანჰესის“ $800-მილიოანიანი პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რიონის ხეობის მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა ჯერ კიდევ 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დაშალა კარვები, სადაც აქტივისტები ხეობაში ნამახვანჰესის დაგეგმილ მშენებლობას რამდენიმე თვე აპროტესტებდნენ.
გუშინ სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მიმდებარედ პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა და აქტივისტებს ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცა. დღეს კი, „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა თანამოაზრეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მობილიზაციისკენ მოუწოდა. ის აცხადებს, რომ კითხვები მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან აქვთ და შეხვედრას მასთან ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ „ნამახვანჰესის“ თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, რომელსაც რამდენიმე საათში ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილის უწყებების ერთობლივი განცხადება მოჰყვა.