დამქირავებლები დიპლომს არ ვუყურებთ, - ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც თემატური მოკვლევის - „მცირე და საშუალო ბიზნესის ძირითადი გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში“ შედეგებს განიხილავენ.
„უამრავი ინსტიტუტია, რომელიც სხვადასხვა განათლების დამადასტურებელ დიპლომს გასცემს, მაგრამ დამქირავებლები რეალურად, სხვა რაღაცას ვუყურებთ, დიპლომს არ ვუყურებთ. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, პრობლემას განათლების სამინისტრო და დონორი ორგანიზაციებიც აღიარებენ, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო ბევრი პროექტი პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული და ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ბევრი ხალხი იყო ჩართული. ყველას ესმის, რომ პრობლემა არის, მაგრამ შედეგი არის ნულთან ახლოს.
15 წლის განმავლობაში მთავრობა ფიქრობდა, რომ ბიზნესზე უკეთესად იცის, რომელი კადრები სჭირდება მას. არადა ამ პროცესში მთავარი არის ბიზნესი და მთავარი მოთხოვნა ბიზნესიდან მოდის. მე რომ შემდუღებელი მჭირდება, შეიძლება ვუთხრა, მოამზადონ ეს ადამიანი და 2 წლის შემდეგ უკვე ახალი დანადგარი იყოს გამოსული. რეალურად, საკითხი ძალიან კომპლექსურია. ახლა ყველა გერმანულ მოდელზე საუბრობს, იქ საერთოდ ბიზნესი კარნახობს ყველაფერს. ბიზნესი ამბობს, რომ 5 წლის შემდეგ დასჭირდება ზუსტად ასეთი კადრი და მერე მთელი მთავრობა მუშაობს კადრის შექმნაზე“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
გიორგი პერტაიამ ბაზარზე კადრების დეფიციტის მაგალითად დეველოპერული კომპანია m2 მოიყვანა, რომელმაც თავად გადაწყვიტა პროფესიული სასწავლებლის გახსნა.
"M2-მა გახსნა პროფესიული სასწავლებელი, რაც ცუდი არ არის, თუმცა ვთვლი, რომ ბიზნესს არ უნდა სჭირდებოდეს ვინმეს რამე ასწავლოს. ეს კი სავარაუდოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ კადრების პრობლემა შეექმნა. შესაბამისად გადაწყვიტა, თავად ესწავლებინა ხალხისთვის", - განაცხადა პერტაიამ.