წიაღის მომპოვებელ კომპანია „ენგური-2015“-თან 3 სახელმწიფო უწყებას სასამართლო დავა აქვს. კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებას ითხოვს, რომლის უფლებაც საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ არ მისცეს. "ენგური - 2015"-ში აცხადებენ, რომ დარღვეული უფლებების აღსადგენად სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს, რომლის შემდეგაც საქმეში უკვე საქართველოს მთავრობაც ჩაერთო.
საქმე იმაშია, რომ „ენგური 2015“-მა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 5 წლიანი ლიცენზია 2016 წელს მიიღო, მაგრამ როგორც bm.ge-ის კომპანიის დირექტორი გიორგი კიკალიშვილი უყვება, მათგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოებების გამო, ქვიშა-ხრეშის მოპოვებითი სამუშაოები 2 წლის დაგვიანებით, 2018 წელს დაიწყეს და თან შეუმცირდათ ფართობი, სადაც წიაღისეული უნდა მოეპოვებინათ.
„ლიცენზიით სრულფასოვნად სარგებლობის შესაძლებლობა იმის გამო არ გვქონდა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ნაწილი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდინარე ენგურის მომიჯნავედ აღმოჩნდა. შესაბამისად, საოკუპაციო რეჟიმის პირობებში წიაღისეულის მოპოვება შეუძლებელი გახდა, რადგან უსაფრთხოება არ იყო დაცული. ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის მონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტას 2 წელზე მეტი დასჭირდა, რათა საქართველოს მთავრობას განესაზღვრა ახალი ფართობის კოორდინატები, თუმცა ჩანაცვლებულ ფართობზეც კომპანია ,,ენგური 2015“-მა სამუშაოების წარმოება წიაღისეულის მოპოვების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ შეძლო“, - ირწმუნება გიორგი კიკალიშვილი.
კომპანიის დირექტორი ყვება, რომ ლიცენზიაში გადახდილია 450 000 ლარი და წიაღის მოუპოვებლობის მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია სოლიდური გადასახადები და მოსაკრებელი, ვინაიდან წიაღისებულის მოპოვების გადასახადს იმ პერიოდშიც იხდიდნენ, როცა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, საქმიანობა შეჩერებული იყო.
„სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ინერტული მასალების გადამამუშავებული საწარმოს ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო; ჯამში, ინვესტიციის მოცულობა, დაახლოებით, 3 მლნ ლარია, რომელსაც უნდა ემუშავა და შემოსავალიც მიგვეღო; პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებების ოდენობა, დაახლოებით, 1 მლნ ლარია; ამასთან, საწარმოში დასაქმებულია 50-მდე პირი, რომელთა უმეტესობა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობაა და ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები არიან, რომლებიც უმუშევრად დარჩებიან, თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება არ მოხდება“, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
ირკვევა, რომ „ენგური 2015“-ის მიერ სწორედ ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნა გახდა სახელმწიფო უწყებებთან სასამართლო დავის დაწყების მიზეზი. კერძოდ, როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის ადვოკატი ნათია ქაჯაია აცხადებს, „შპს ,,ენგური 2015“-ს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე დაუსაბუთებელი უარი უთხრა, როგორც წიაღის სააგენტომ, ისე - ეკონომიკის სამინისტრომ და მიზეზად მიზანშეუწონლობა მიუთითეს.
„წიაღის შესახებ საქართველოს კანონით“ ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულია, წიაღით მოსარგებლე აუცილებელი გარანტიებით და წიაღით სარგებლობაზე უფლებების დაცვით უზრუნველყოს. სახელმწიფომ კი, კომპანიას ეს გარანტიები და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის პირობები არ შეუქმნა, რის გამოც კომპანიამ მოპოვებითი სამუშაოები 2 წლის დაგვიანებით დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ 3 წელი იმუშავა და თან - შემცირებულ ფართობზე. შპს ,,ენგური 2015“-ის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული მოცულობიდან დარჩენილი მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა აღემატება ერთ მილიონ კუბურ მეტრს და ასეთ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა განსხვავებული სალიცენზიო პირობებით უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის არაუმეტეს 10 წლამდე გაგრძელებას ითვალისწინებს, რისი უფლებაც ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ წიაღის სააგენტოსგან კომპანიამ ვერ მიიღო. დაგვრჩა ერთადერთი გზა - ჩვენი უფლებებისთვის სასამართლოში გვებრძოლა“, - განაცხადა ნათია ქაჯაიამ და დასძინა, რომ მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიღო დროებითი განჩინება, რომლითაც "შპს ენგური 2015"-ს სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა სასამართლოში დავის დასრულებამდე გაუგრძელა, მაგრამ პრობლემები ამით ვერ ამოიწურა და უკვე სამმა სახელმწიფო უწყებამ საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრეს.
"საქალაქო სასამართლომ მიიღო დროებითი განჩინება იმ მიზნით, რომ დაინახა კომპანიის მიმართ ზიანის საფრთხე, თუმცა საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლოს დროებითი განჩინება კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს და დროებითი განჩინების გაუქმება მოითხოვეს. არცერთი საჩივარი საერთოდ არ ეხება კომპანიისთვის მოსალოდნელ ზიანს და საუბარია, ძირითადად, იმაზე, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო დროებითი განჩინება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე და რომ სასამართლო მთავრობის საქმიანობაში შეიჭრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას კერძო საჩივრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია “, - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრებს და გააუქმებს პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ დროებით განჩინებას, კომპანიის საქმიანობა შეჩერდება და მას მიადგება რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი, რომლის დამადასტურებელი არგუმენტები და მტკიცებულებებიც სააპელაციო სასამართლოშია წარდგენილი.
„საქალაქო სასამართლოს დროებით განჩინების გაუქმების შემთხვევაში, ადგილი ექნება სახელმწიფოს უსაფუძვლოდ გამდიდრებას შპს „ენგური 2015“-ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შედეგად, რადგან შპს „ენგური 2015“-ს მოსაკრებელი გადახდილი აქვს ლიცენზიით განსაზღვრულ წიაღისეულზე და არა - ფაქტობრივად ათვისებულ წიაღისეულზე“, - განმარტავს კომპანიის ადვოკატი.
BM.GE აღნიშნულ საქმეზე ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდება და პასუხის მიღების შემთხვევაში, მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ.