მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ხიდაშელის კომპანია, რომელსაც რაჭის ტყეები 49 წლით გადაეცა, გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა დააჯარიმა

64b901a19a4ad
BM.GE
20.07.23 11:25
3199
დღეს გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში არ წარუდგენია სახელმწიფოსთვის.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი გადასცა 49 წლის ვადით სარგებლობაში. ეს კი თავის მხრივ 1,047 კვადრატული კილომეტრის ტოლია. შესაბამისად, ბიზნესმენის კომპანია ამჟამად მთლიანი რაჭის ფართობის (2,893 კვ. კმ.) ერთ მესამედზე მეტს განკარგავს და ამ მხრივ ქვეყანაში უმსხვილესი ლიცენზიანტია. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამოდანირეო მეურნეობა უნდა განვითარდეს.

“ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 23 მარტის №38/ს ბრძანების მეორე პუნქტის „ქ)" ქვეპუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში სამინისტროში წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი მის მიერ სალიცენზიო ფართობზე არსებული ბიომრავალფეროვნების კომპონენტების შესახებ, წლის სხვადასხვა სეზონისთვის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, სამინისტროსთან შეთანხმებული სქემისა და მოთხოვნების შესაბამისად. ლიცენზიანტს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის პროექტი არ წარუდგენია, რის საფუძველზეც, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

ამასთან, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა", საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო, ყოველწლიურად, 01 აპრილიდან 01 მაისამდე, წარმოედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას", დადგენილ პერიოდში, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2022 წლის ანგარიში არ წარმოუდგენია; შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც, შემდგომი განხილვის მიზნით, ასევე გადაიგზავნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში,”- ნათქვამია გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის მიერ სალიცენზიო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება “რაჭის ტყეების ოკუპაცია” გამოაქვეყნა გამოცემა მთის ამბებმა. ამასთან, კომპანიის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ ცნობილი გახდა, რაც სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის თავმჯდომარემ გელა მთივლიშვილმა მიმართა გარემოსდაცვით დეპარტამენტს ხიდაშელის კომპანიის მიერ ვალდებულებების შესრულების თაობაზე კითხვებით.

როგორც ირკვევა, ადმინისტრაციული სამარალდარღვევა სახდელის სახით, პირველ ჯერზე 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

უფრო ვრცლად ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები