მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი "ნაციონალური მოძრაობისგან" - ვინ შეიძლება ჩაითვალოს ოლიგარქად

64367b8be4f5e
BM.GE
12.04.23 13:47
571
პარლამენტის კომიტეტებში განიხილავენ ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომზადებულ კანონპროექტს, “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”. კანონპროექტის თანახმად, საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქთა გავლენები შებოჭვას საჭიროებს, რისთვისაც აუცილებელია დეოლიგარქიზაციისკენ მიმართული კანონის მიღება, რაც მათ შორის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის ნაწილს წარმოადგენს.

კანონპროექტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ენიჭება პირის ოლიგარქად ცნობის ან ოლიგარქიული მმართველობის დადგენის უფლებამოსილება.

ამასთან, კანონპროექტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება ,,ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა” რეესტრის ფორმირება, წარმოება, შესაბამის პირთა რეესტრში შეყვანა და ამორიცხვა, ამ უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები დაიფარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

ოლიგარქად ცნობის პროცედურა და შესაბამისი კრიტერიუმები ასე გამოიყურება:

მუხლი 4. ოლიგარქი

1. ოლიგარქი - პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ შემდეგ პირობას და ახორციელებს ზეგავლენას საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.

ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

მუხლი 12. ოლიგარქად ცნობა

1. პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის სარჩელის საფუძველზე.

2. პირის ოლიგარქად ცნოს გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

3. საკონსტიტუციო სასამართლო პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ კონსტიტუციურ ცარდგინებას იხილავს რიგგარეშედ.

4. საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ ამ მუხლით დადგენილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

რა ეზღუდება ოლიგარქს?

1. პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის შემდეგ, დაუშვებელია ოლიგარქის, მისი წარმომადგენლების, ოჯახის წევრების და დაკავშირებული პირების მიერ პოლიტიკური პარტიების დაფუძნება ან/და პოლიტიკურ საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა.

2. პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის შემდეგ, ოლიგარქს, მის წარმომადგენლებს, ოჯახის წევრებსა და დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზაციაში.

3. პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად და ამავდროულად მასზე ვრცელდება საქართველოს კანონის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“, ვალდებულია, რეესტრში შეყვანისთანავე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

4. პირი, რომელიც ცნობილია ოლიგარქად ან ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ვალდებულია გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამ შემოსავლის მიღების წარმომავლობის და ტერიტორიისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ოლიგარქის, დაკაშირებული პირის კრიტერიუმებს, შესაბამისი სტატუსის დადგენიდან ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან ან შეწყვიტოს შესაბამისი საქმიანობა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირი ითვლება არაუფლებამოსილად და მის მიერ გამოცემულ ყველა სამართლებრივ აქტზე გავრცელდება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნები,”- ნათქვამია კანონპროექტში.

განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის ავტორია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები