მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი 1 ივლისიდან სამმაგდება და 15,000 ლარს მიაღწევს

5ef5c84cb6214
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.20 19:00
1004
ყველას, ვისაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს. თუ ბანკი, რომელშიც ანაბარი გაქვთ, მოულოდნელად გაკოტრდა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5,000 ლარამდე თანხით აგინაზღაურებთ. პირველი ივლისის შემდეგ კი დაზღვეული დეპოზიტის მოცულობა გასამმაგდება და ის 15,000 ლარს მიაღწევს.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული. ამ სისტემაში ბანკები სააგენტოს დაზღვევისთვის პრემიას უხდიან, რაც ბანკში განთავსებული ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ის ტოლია.

ბანკები დაზღვევის პრემიას ყოველთვიურად იხდიან. სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში გადარიცხული თანხის ოდენობა 1,559,925 ლარს შეადგენდა. ჯამურად, სააგენტოს მიერ ბანკებიდან მიღებული სადაზღვევო პრემია 40 მილიონ ლარს შეადგენს.

საბანკო სექტორში ჯამურად 29.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული. აქედან ფიზიკური პირების დეპოზიტები 54%-ს შეადგენს. ამ თანხიდან დეპოზიტების სააგენტოს მიერ 2 მილიარდის პორტფელი არის დაზღვეული, რაც 5000 ლარამდე დეპოზიტების მოცულობას წარმოადგენს. პირველი ივლისიდან კი ლიმიტის 15,000 ლარამდე გაზრდასთან ერთად დაზღვეული პორტფელის მოცულობაც გაიზრდება.

რა პროცედურით უნდა დაბრუნდეს თანხა ბანკის გაკოტრების შემთხვევაში?

“იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურებას დადგენილი ზღვრის ფარგლებში. ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად შერჩეული იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან ერთ-ერთი. ყველა საჭირო ინფორმაცია დეპოზიტორებს ეცნობება სააგენტოს მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების ვადა ეტაპობრივად შემცირდება 7 დღემდე,”- ნათქვამია დეპოზიტების დაზღვევის ვებგვერდზე.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდში არ არის საკმარისი თანხები დეპოზიტორების ასანაზღაურებლად?

“იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში არ იქნება დეპოზიტორების ანაზღაურებისთვის საკმარისი თანხები, სააგენტო უფლებამოსილია ისესხოს ფული სახელმწიფოსგან, ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან ან მოიძიოს სხვა ალტერნატიული წყაროები,”- ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები