პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დანელიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი უარყოფითია, ის რეკომენდაციის თანახმად 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.
"მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობინებისთანავე დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.
გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია.
ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს!"-წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი.