მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დერეგულირებით მედიკამენტებზე სწორ ფასებს ვერ მივაღწევდით - ჯანდაცვის მინისტრი

63c5123f532ce
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 13:04
557
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მაშინ როდესაც ფარმაცევტულ სექტორში რეგულაციები არ მოქმედებდა, კომპანიებისთვის ოპერირება მარტივი იყო. ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ აფასებს ბიზნესი ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირებას, კონკრეტულად კი რეფერენტული ფასების დაწესებას, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მინისტრის თქმით, რეგულირებისა და მისი კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებს სხვა პოზიციები ჰქონდათ, თუმცა იმისთვის, რომ მთავრობამ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება აღასრულოს, კანონში ისეთი ცვლილებებიც შევიდა, რაც კომპანიების მხრიდან მედიკამენტების ბაზების გახსნას გულისხმობს.

„სამწუხაროდ, წლების წინ ყველანაირი რეგულაცია ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტორში გაუქმებული იყო. ახლა გვიწევს რეგულაციების შემოტანა. ამდენი წლის განმავლობაში როდესაც ბიზნესს რეგულაციები არ ჰქონდა, მათთვის ოპერირება გაცილებით მარტივი იყო, თუმცა ეს არ არის იმის გარანტი და წინაპირობა, რომელიც ჩვენ მოსახლეობის მიმართ გვაქვს - მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მედიკამენტებზე შესაბამისი სწორი ფასები. დერეგულირებით ამას ვერ მივაღწევდით და აქედან გამომდინარე რეგულაციების შემოტანა საჭირო იყო. გვაქვს კიდევ რამდენიმე რეგულაცია, რომელიც ეტაპობრივად შემოვა.

არის საკითხები, რომელიც კანონში ჩაიწერა, იგივე ბაზების გახსნის ვალდებულებასთან და სხვადასხვა ჯარიმებთან და სანქცირების მექანიზმებთან დაკავშირებით, რაზეც განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი მექანიზმია იმისთვის, რომ ამ ცვლილებებმა იმუშაოს და ის მიზანი, რაც საბოლოოდ მოსახლეობისთვის გაიაფებული და ხელმისაწვდომი მექანიზმია, მივაღწიოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. ფარმაცევტულ სექტორს, ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვს. რეფერენტული საცალო ფასი რეფერენტული საბითუმო ფასიდან, სააფთიაქო დარიცხვის პროცენტით ან საცალო კოეფიციენტის საშუალებით ითვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები