"იმედი მაქვს, ქართველები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს იპოვიან და იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“, რადგან სწორედ ის არის დღეს მმართველი ძალა, გააცნობიერებს, რომ მშვიდობიან პროტესტში მონაწილე მოქალაქეებთან მიმართებით მას მეტი პასუხისმგებლობა ენიჭება. წყლის ჭავლის გამოყენება არ არის სწორი გზა, თუ პროტესტში მონაწილე მოქალაქეებს ისეთი არაფერი დაუშავებიათ, რაც სწორედ ასეთი მეთოდის გამოყენებას მოითხოვდა“, - ასეთია ადამიანის უფლებებისა და დიპლომატიის შესახებ ვაცლავ ჰაველის პროგრამის უფროსი მკვლევრის დევიდ კრამერის პოზიცია საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროტესტთან დაკავშირებით.
ინტერვიუ The Checkpoints-ისთვის ჩაიწერა და მას მაყურებელი კვირას, 15 ნოემბერს, 22:00 საათზე BMG-ის ონლაინ პლატფორმებზე იხილავს.
დევიდ კრამერის აზრით, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ქვეყანაში ქაოსმა და დაძაბულობამ დიდ ხანს გასტანოს.
„ქართული ოცნება" შეეცადა, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია არჩევნების მიმართ მხოლოდ დადებით ჭრილში წარმოეჩინა, თუმცა შეფასებები მხოლოდ დადებითი არ ყოფილა“, - უთხრა კრამერმა The Checkpoints-ს - „დამკვრივებლებმა მხოლოდ ნაწილობრივ შეაქეს არჩევნები. მათ თქვეს, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მაგრამ ამასთან, ხაზი გაუსვეს სერიოზულ დარღვევებსაც. ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.
კრამერი ხაზს უსვამს სიტყვას - „მშვიდობიანი“ და ამბობს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ზრდის დაძაბულობის რისკებს და ხელს არ უწყობს მოვლენების მშვიდობიან კალაპოტში გადასვლას.
რაც შეეხება ოპოზიციას, „არ ვიცი, რამდენად სწორია ან არასწორია ეს პოზიცია და მე აქ არბიტრად ვერ გამოვდგები“ - ასეთია კრამერის პოზიცია ოპოზიციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, „თუმცა, როგორც წესი, ამ პროცესებში მონაწილეობა საუკეთესო გზაა, მაგრამ იმედგაცრუებაც მესმის“.
კრამერს მიაჩნია, რომ საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარებით ვერც თბილისში, ვერც ბათუმში და ვერც ვერსად საქართველოში, სარგებელს ვერავინ იღებს. „ასეთი ხალხი მოსკოვშია“ - ამბობს კრამერი.