ბიუროს სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს. ბიუროს წევრთა გადაწყვეტილებით, პარლამენტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, დევნილი პირების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხი წესრიგდება.
"პროექტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებზე 2023 წლის პირველ იანვრამდე დაბადებულ პირებზე ვრცელდება. ის დევნილი პირები, რომლებიც 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნებიან არასრულწლოვნები, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისას გათვალისწინებული იქნებიან მათი აღმავალი შტოს ოჯახის წევრებთან ერთად და მომავალში აღარ ექნებათ ინდივიდუალურად საცხოვრებლის მოთხოვნის უფლება.
2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებული ის პირები, რომელთა ორივე მშობელი გარდაიცვალა, უზრუნველყოფილი იქნებიან ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მათ მშობლებს უნდა მიეღოთ", - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.