რუსეთის ფედერაციის საკომუნიკაციო და ინტერნეტ სისტემების მარეგულირებელმა ოფიციალურმა ორგანო „როსკომნადზორმა“ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის - Google-ის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯარიმის სახით Google-ს 21.8 მილიარდი რუბლის ($387 მლნ) გადახდა დაეკისრა. „როსკომნადზორის“ განმარტებით, კომპანიის დაჯარიმების მიზეზი რუსული კანონმდებლობის დარღვევაა, კერძოდ, მარეგულირებელი ორგანო საძიებო სისტემიდან „არალეგალური“ ანუ იმ მასალის წაშლას მოითხოვდა, რომელსაც მოსკოვი არასასურველად და მიუღებლად მიიჩნევდა.
ბუნებრივია, ამერიკულ კომპანიას „როსკომნადზორის“ მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებია და რუსეთის მთავრობის მიერ მოთხოვნილი ცენზურა ძალაში არ მიუღია.
საგულისხმოა, რომ ეს Google-ისა და „როსკომნადზორის“ დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის, მარეგულირებელ ორგანოს ამერიკული ტექნოლოგიური პლატფორმა არაერთხელ დაუჯარიმებია, ძირითად მიზეზს კი, უმეტესწილად, მარეგულირებლის დაუმორჩილებლობა წარმოადგენდა.
„როსკომნადზორის“ მტკიცებით, YouTube-ის საშუალებით Google-ი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და მომხდარი ფაქტების შესახებ, რითაც აქტიურად ცდილობს რუსული სამხედრო ძალების დისკრედიტაციას და რეალური მოვლენების დამახინჯებას.
„ვიდეო-პლატფორმა YouTube-ის საშუალებით Google განზრახ უწყობს ხელს უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, რითაც აქტიურად ცდილობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას“, - წერია მარეგულირებელი ორგანოს ოფიციალურ განცხადებაში.