მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან ვიწყებ აქტიურ კომუნიკაციას მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, ბავშვებთან - გიორგი ამილახვარი

641836d10a791
ინგა მურუსიძე
20.03.23 14:29
6024
დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, - ამის შესახებ განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრს და მთავრობის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია ვუხელმძღვანელო განათლების და მეცნიერების მიმართულებას, იქ, სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულ ათასობით ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროვე საქართველოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში განათლების სფეროში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ბუნებრივია კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი გადაჭრა. ჩვენ და მე პირადად დღეიდან დავიწყებ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან, ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ამ პრობლემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობები შეიქმნება. ხოლო სტუდენტებს შესთავაზებენ მხარდაჭერის დამატებით მექანიზმებს.

„აუცილებლად შევთავაზებთ დამატებით ფინანსური და სოციალურ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ მათ ამ პროცესში განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებას და დანერგვას ჩვენ უცხოელ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“, - განაცხადა ამილახვარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები