მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს ხაზარაძე- ჯაფარიძე-წერეთლის საქმის დასკვნითი სხდომა გაიმართა

63caa22898341
BM.GE
20.01.23 18:26
755
თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ გამოძიება პოლიტიკური მოტივებით დაიწყო. 

“უწყებას 12 წლის განმავლობაში გამოეპარა ძალიან დიდი თანხის გათეთრება და ეს პროკურატურამ მხოლოდ 12 წლის შემდეგ აღმოაჩინა. გაქვთ თუ არა ბატონო მოსამართლეებო მსგავსი პრეცედენტი, როცა პროკურატურა ისე, რომ ჯერ ბრალი წაყენებული არ არის, ადამიანების დისკრედიტაციის ღია კამპანიას აწარმოებს. იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოსთვის საუკუნის პროექტის დამთავრებაში. რა კავშირი აქვს ავთო წერეთელთან ამ ყველაფერს?! პროკურატურა ედავება ადამიანს, რომელმაც სესხი კანონიერად აიღო და კანონიერად გადაასესხა მესამე პირზე. ამაში კრიმინალი არაფერია და ამას ყოველ დღე ათასობით ადამიანი აკეთებს. წერეთლის ამ საქმეში ჩართვა მხოლოდ ერთი მიზნით მოხდა, მისი შვილი ოპოზიციურ ტელევიზიას ფლობს და კრიტიკულად განწყობილია ამ ხელისუფლების მიმართ”,-განაცხადა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე.

როგორც სხდომაზე მოსამართლემ თქვა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საბოლოო თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

გასული წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით ხაზარაძისთვისა და ჯაფარიძისთვის თითო-თითო მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები