გაერთიანებულ სამეფოში სამომხმარებლო ფასების მკვეთრი ზრდა გრძელდება, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 11.1%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც 1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე და გასული 40 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს.
საბაზო ინფლაციის დონე (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, წლიურ 6.5%-იან ნიშნულზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში იზრდება.
დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, უმეტესწილად, ენერგორესურსების, სურსათისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდითაა გამოწვეული.
ინგლისის ბანკის ვარაუდით, წლის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.
საგულისხმოა, რომ მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ინგლისის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს - მარეგულირებელმა წინა სხდომაზე უკვე მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 2.25%-იან ნიშნულამდე გაზრდის გადაწყვეტილება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი წლის განმავლობაში არაერთ ინტერვენციას განახორციელებს და მონეტარულ პოლიტიკას ეტაპობრივად გაამკაცრებს.
მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ეკონომიკის ზრდის ტემპი - მიმდინარე წლის I კვარტალში დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 0.8%-ით გაიზარდა; II კვარტალში მშპ 0.2%-ით გაიზარდა; ხოლო რაც შეეხება III კვარტალს, ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელმა საანგარიშო პერიოდში 0.2% შეადგინა.
მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის კლება, შესაძლოა, იმ რეცესიის დასაწყისი იყო, რომელსაც ინგლისის ცენტრალური ბანკი ვარაუდობს. ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა უაღრესად რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება და მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდეს.
რეცესიულის რისკების ზრდის მთავარ განმაპირობებელ მიზეზებად ევროპის მასშტაბით მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაციური წნეხის ზრდა და მის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრება სახელდება.