დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის, კახეთის და სხვა რეგიონის სასტუმროებში, ხოლო თბილისის სასტუმროებში უცვლელია, – ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 7%-ია, ზღვისპირეთში 26%, კახეთში 36% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 23% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).
რაც შეეხება უქმეების დატვირთულობას, თიბისი კაპიტალის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (44% და 36%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის გაზრდილია (32%).
ხოლო ფასდაკლებებთან დაკავშირებით, თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ კახეთის და ზღვისპირეთის დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში დაახლოებით განახევრებულია, ხოლო სხვა სასტუმროები ნაკლებ ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.