მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი შვიდეული რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას განიხილავს

63107d514e45f
გიორგი თოლორდავა
01.09.22 22:00
491
პარასკევს დაგეგმილ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის ქვეყნების (ევროკავშირი, აშშ, ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია) ფინანსთა მინისტრები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მორიგი სანქციის შემოღების და რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას განიხილავენ.

აღნიშნული სანქციის დამტკიცების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ფასის ზღვარი დაწესდება, რომელიც, სავარაუდოდ, ბრენტის ღირებულებაზე 30-40%-ით ნაკლები იქნება. სახელმწიფოებს შეეზღუდებათ რუსულ ნავთობში განსაზღვრულზე უფრო მაღალი ფასის გადახდა, ხოლო რუსეთს მასზე უფრო ძვირად ნავთობის გაყიდვა.

პროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსული ენერგოკომპანიების შემოსავლებს, საერთაშორისო ბირჟას კი საჭირო მოცულობით ნავთობის მიწოდება შეუნარჩუნებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგოკრიზისის შემსუბუქებას გამოიწვევს.

ზემოხსენებულ მოსაზრებას იზიარებს აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი, რომელიც ლიმიტის დაწესებას რუსეთის ფედერაციის შემოსავლებისა და კრემლის შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და რეალისტურ სტრატეგიად მიიჩნევს.

პროექტის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფასის ლიმიტს რუსეთის მთავრობა პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და ნავთობს მხოლოდ იმ სახელმწიფოებს მიჰყიდის, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას გაატარებენ ან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი ₽1.373-ტრილიონიანი ($22.8 მლრდ) პროფიციტით შესრულდა. ენერგორესურსებით მიღებულმა საბიუჯეტო შემოსავალმა 6.375 ტრილიონი რუბლი ($105.7 მლრდ) შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლის 45.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები