მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი აბდუშელიშვილის ხელშეწყობით, საქართველომ გაეროს ქვეყნის სავიზიტო ბარათი - „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა

6154663fc7599
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.21 10:15
2202
ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში განთავსებულ არტ-კოლექციაში, გასულ კვირას საქართველოს სავიზიტო ბარათი - გაეროსთვის სპეციალურად შექმნილი „ვეფსხისტყაოსანი“ განთავსდა, რომლის ნახვა ოფიციალურ პირებსა და ტურისტებს შეეძლებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ გაეროსთვის გადაცემის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ძირკველიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე რამდნეიმე დღის წინ დაწერა და  პროექტის განხორციელებისა და მნიშვნელობის შესახებ BM.GE-მ კითხვებით სწორედ მას მიმართა.

მაია ძირკველიშვილის ინფორმაციით, პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილია, რომელმაც გაეროს „არტ კოლექციაში“ საქართველოს მხრიდან ქვეყნის სავიზიტო ბარათის გადაცემის საკითხი, ჯერ კიდევ 2017 წელს წამოჭრა და პირადი ფინანსური რესურსებით ბოლომდე მიიყვანა.



„რამდენიმე ათეული წელია, რაც ყველა წევრი სახელმწიფო თუ ორგანიზაცია საკუთარი ქვეყნის სავიზიტო ბარათს გაეროს გადასცემს, რომელიც ორგანიზაციის არტ-კოლექციაში ხვდება და ნიუ-იორკის სათაო ოფისში მოწყობილ საგამოფენო სივრცეში თავსდება. უმეტესწილად ეს ხელოვნების ნიმუშია. არტ-კოლექციის დათვალიერება როგორც ამ ოფისში მოხვედრილ ოფიციალურ პირებს, ასევე ნებისმიერ ტურისტს შეუძლია, რაც საერთაშორისო მასშტაბით საკუთარი კულტურის წარდგენის მხრივ, თითოეული ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია.

2017 წელს ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა გამოიჩინა ინიციატივა თავისი სახსრებით შექმნილიყო ნამუშევარი, რომელიც საქართველოს სახელით გაეროს ოფისს გადაეცემოდა. აღსანიშნია, რომ მასვე ეკუთვნის ორიგინალური ჭედური ყდითა და მინიატურული მხატვრობით გაწყობილი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნის იდეა, რომელიც 2017 წელს ხელისუფლების პირველ პირებთან შეთანხმდა. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ თუ კერძო ინვესტორი ამ იდეას დააფინანსებდა და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემდა, სახელმწიფო მის გაეროში წარდგენას შეძლებდა“, - ყვება მაია ძირკველიშვილი.

პროექტის ავტორი, ბიზნესმენ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიერ პროექტისთვის მიმართული ფინანსების ზუსტ მოცულობას ვერ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან „ვეფხისტყაოსნის“ გაეროსთვის გადაცემისთვის, ბიზნესმენმა რამდენიმე ასეული ათასი ლარი გაიღო.



2017-2018 წლებში შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ უნიკალურ ჭედურ ყდაშია ჩასმული, რომელიც შოთა რუსთაველის იერუსალიმში გამოსახული ფრესკის ასლითაა დამშვენებული. ჭედური ყდის შექმნაზე საფრანგეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ოსტატმა ელგუჯა ამაშუკელმა იმუშავა და როგორც მაია ძირკველიშვილი აღნიშნავს, მას ქართველებისთვის შექმნილი პირველი ნამუშევრისთვის ჰონორარი არ აუღია.

ვეფხისტყაოსნის ტექსტზე სამუშაოდ კი, რომელიც ხელნაწერის სახით არის წარმოდგენილი, 5 კალიგრაფი კონკურსის წესით შეირჩა და აქედან 2 სკოლის მოსწავლე იყო. წიგნის გვერდების მხატვრულ გაფორმებაზე - მინიატურებსა და საზედაო ასოებზე ხელოვანები მუშაობდნენ და წიგნმა სრულყოფილი სახე 2018 წლის შემოდგომაზე მიიღო.



„ვეფხისტყაოსანი“ ერთი კვირით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იყო განთავსებული, რათა ქართველ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება ჰქონოდა. ამის შემდეგ გაეროში გაგზავნის ხანგრძლივი პროცედურები დაიწყო. პანდემიამ ამ პროცესს გარკვეულწილად ხელი შეუშალა, თუმცა წელს გადაცემა ტრადიციის მიხედვით დასრულდა და გაეროს გენერალური ასამბლეის ჩატარების დროს „ვეფხისტყაოსანი“ ქართულმა მხარემ გაეროს გადასცა.



"გაეროში წარდგენილი „ვეფხისტყაოსანი“ ქვეყნის სავიზიტო ბარათია, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს - "ვეფხისტყაოსნის" ტექსტი, კალიგრაფია, მინიატურა, ჭედურობა. ვიტრინასთან მოკლე ანოტაცია მაგრდება. შესაძლოა მნახველებმა "ვეფხისტყაოსნის" ტექსტი ვერ წაიკითხონ, თუმცა ისინი გაიგებენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მეთორმეტე საუკუნეში შექმნილი უდიდესი პოემაა, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს განეკუთვნება“, - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას მაია ძირკველიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები