მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დმანისის მეცხოველეობა“ მეურნეობის განვითარებას და დამატებით ₾40 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს

64a4337f45427
ვიქტორია მღებრიშვილი
05.07.23 00:30
1142
ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტირებას განაგრძობს და დმანისის სოფელ ზემო ყარაბულახში 2021 წლიდან მოქმედ მესაქონლეობის ფერმას ავითარებს. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფის წარმომადგენელი ჟაკ ფლური დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილს შეხვდა. ჟაკ ფლურიმ მინისტრის პირველ მოადგილეს აგროინდუსტრიული ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო, რომელიც კომპანია „დმანისის მეცხოველეობის“ მიერ დმანისის სოფელ ყარაბულახში გახსნილი ფერმის გაფართოებას ეხებოდა.

„ფრანგულ-ქართული აგროინდუსტრიული ჯგუფი გეგმავს, საქართველოში, მეცხოველეობის სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რაც გულისხმობს დმანისში არსებული ფერმის გაფართოებას და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების გამოყენებას. აღნიშნული მნიშვნელოვანია მესაქონლეობის სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშწყობისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრის სხვა დეტალების, კომპანიის მიერ ბიზნესის განვითარებისთვის დაგეგმილი ინვესტიციების, პროექტის განხორციელების ვადებისა და წარმადობის მოცულობების შესახებ ინფორმაცია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არ იყო აღნიშნული, ამიტომ BM.GE კომპანიას დაუკავშირდა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მესაქონლეობის ბიზნესის განვითარების გეგმით მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამურად 40 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებენ.

„ბიზნესის განვითარება 4 ლოკაციაზე მეხორცული ჯიშის ფერმების შემქმნას გულისხმობს, მათ შორის 2 ლოკაცია დმანისშია. ამ ეტაპზე დმანისში მოქმედი ფერმა გაფართოვდება, რისთვისაც დამატებით სალერსის ჯიშის საქონელი შევიძინეთ. ამასთან, დმანისშივე ჩვენი ფერმის მახლობლად 750 ჰა მიწა შევიძინეთ და მომავალ წელს ამ ადგილებზე ფერმის განვითარებით სალერსის ჯიშის საქონლის რაოდენობა გაორმაგდება, ანუ 800-მდე გაიზრდება. მესაქონლეობის განვითარების გეგმა 3 წელზეა გათვლილი და 40 მლნ ლარის ღირებულების არის“, - განმარტავენ კომპანიაში.

კომპანია საბალახოების გაუმჯობესების პროექტსაც ამუშავებს, რაც ჯანსაღი საქონლის გამოზრდას და პროდუქტის წარმოებას უწყობს ხელს. ამ პროცესში სპეციალისტები არიან ჩართულები და 1 კგ-ის ხორცის წარმოებისას ემისიების მოცულობა ტრადიციულ წარმოებასთან შედარებით განახევრდება.

სასაქონლე მეურნეობა ხორცის გაყიდვაში ჩაშვებას მომავალი წლიდან გეგმავს. დმანისის მესაქონლეობის ფერმის ხორცით ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულია „კარფურის“ ჰიპერმარკეტების ქსელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები