მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Dressup ჯგუფი“ „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს

633aa209728cc
BM.GE
03.10.22 12:55
1305
Dressup ჯგუფი უკვე 28 წელია ქართული ბაზარზე ოპერირებს და ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების სექტორში, მომხმარებელს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციებს სთავაზობს, როგორებიცაა - Levi’s, Lacoste, Gant, Guess, Etam, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Samsonite, Vans და სხვა. ბრენდებთან პარტნიორობის შედეგად, დღეისთვის, კომპანია 50-ზე მეტ მონობრენდულ თუ მულტიბრენდულ მაღაზიას თბილისში, ბათუმსა და რუსთავში და ასევე, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს მართავს.

ბიზნეს საქმიანობის განვითარების რთულ ეტაპებზე, როგორიც თუნდაც, უახლოეს წარსულში, პანდემიის პერიოდი იყო, კომპანიას საიმედო პარტნიორი, „საქართველოს ბანკი“ ჰყავდა. ამ პერიოდში, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროექტი, სწორად მათი მხარდაჭერით განხორციელდა. „საქართველოს ბანკის“ თანადგომით, ჯგუფს სამომავლოდაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება აქვს გეგმაში.

Dressup ჯგუფის საქმიანობისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ BM.GE-სთან, მისმა გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ ისაუბრა.


- Dressup ჯგუფი ქართველ მომხმარებელს საერთაშორისო ბრენდების ხარისხიან სამოსსა თუ აქსესუარებს სთავაზობს. როგორ აფასებთ დაგროვილ გამოცილებას?

Dressup ჯგუფი ქართულ ბაზარზე 1994 წლიდან არის წარმოდგენილი და ქსელის განვითარებასთან ერთად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში.

საწყის ეტაპზე, მთავარი მიზანი გვქონდა, რომ ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო საერთაშორისო ბრენდების ადგილობრივად შეძენა. ამ ეტაპზე, ეს მიზანი მიღწეულია და ქართველ მომხმარებელთან ერთად, ბევრს ვმუშაობთ ტურისტული სეგმენტის ათვისებაზეც. აღნიშნული საინტერესოა როგორც ჩვენთვის, ასევე ეკონომიკურ ჭრილში, ქვეყნისთვის.

ამასთან, საერთაშორისო ბრენდებთან მრავალწლიანი პარტნიორობა და განსაკუთრებული ურთიერთობები, ცხადია, ჩვენი რეგიონის მიმართ მათ დადებით განწყობასა და მიდგომებზეც აისახება. მაგალითისათვის, Levi’s-მა, New York-ის, Paris-ისა და რამდენიმე სხვა ქალაქის სახელობით მაისურთან ერთად, წარმოებაში ჩაუშვა მაისურები Levi’s Tbilisi-ს წარწერითაც. უნდა აღინიშნოს, რომ Levi’s-ის პროდუქციის ერთ სულ მოსახლეზე გაყიდვების მაჩვენებლით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს და ჯგუფს აღნიშნული შედეგისათვის, ბრენდისგან ჯილდოც აქვს მიღებული.

ამასთან, წლების მანძილზე Dressup ჯგუფი ქართული წარმოების მუდმივი მხარდამჭერია და გასულ წელს, კომპანიამ მომხმარებელს ფეხსაცმლის საწარმოც წარუდგინა. ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ ქართულ ბაზარზე, საერთაშორისო ბრენდები წარადგინო და მეორე მხრივ, ადგილობრივი წარმოებაც წაახალისო.

- როგორც აღნიშნეთ, კომპანია ქვეყანაში ფეხსაცმლის წარმოებასაც უწყობს ხელს, აწარმოებს რა 100%-ით ნატურალური ტყავისგან დამზადებულ პროდუქციას. გაგვიზიარეთ რომელ ბრენდებს აწარმოებთ ადგილობრივად? ასევე, რა რაოდენობით და სად ხდება მისი რეალიზება?

დიახ, ფეხსაცმლის ქართული საწარმო გასულ წელს წარვადგინეთ. პროექტის მთავარი მიზანი, ჩვენს სექტორში, ქართული წარმოების ხელშეწყობაა. ქართული ბრენდებისთვის ხელშეწყობის მიმართულებით, წინა წლებშიც არაერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომლის ლოგიკური გაგრძელებაა საწარმოც. ამ ეტაპზე, საწარმოში ორი ქართული ბრენდის - Atrio x Ruso Danelia-ს და Savali-ს, მაღალი ხარისხის, ფეხსაცმელი მზადდება. აღნიშნული ფეხსაცმელების შეძენა კი მომხმარებელს ფეხსაცმლის მულტიბრენდულ მაღაზიებში, FActory (სავალი), Atrio (ატრიო x რუსო დანელია) და ონლაინ Dressup.ge-ზე შეუძლია.

გარდა აღნიშნული ბრენდებისა, რომლებიც საწარმოში მზადდება, ჩვენს ქსელში, წლების განმავლობაში, სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქციაც იყო და არის წარმოდგენილი. სამომავლოდაც მზად ვართ ქართულ ბრენდებთან თანამშრომლობისათვის. აღნიშნული მიმართულება, ჩვენთვის, კომერციულად ნაკლებ საინტერესოა, თუმცა, იდეურად საკმაოდ მნიშვნელოვანია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია „საქართველოს ბანკის“ მხრიდან გამოხატული მზაობა, იმ პროექტების მხარდასაჭერად, რომელთა მთავარი მიზანი ქართული წარმოების ხელშეწყობაა. ამ კუთხით, ჩვენი ჯგუფისა და "საქართველოს ბანკის" პოზიციები, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს იდეოლოგიურ თანხვედრასაც. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ვფიქრობთ, „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

- ბიზნესის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესოა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობისას, როგორ აფასებთ ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ქვეყანაში? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება?

ვფიქრობ, 2017 წლიდან, როდესაც „საქართველოს ბანკთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა, ფინანსური რესურსის მობილიზება შევძელით და შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. სანდო პარტნიორი, რომელიც თუნდაც ისეთ კრიზისულ პერიოდში გვედგა გვერდით, როგორიც პანდემიაა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პერიოდის განმავლობაში, ბანკის მხარდაჭერით, მოეწყო და გარემონტდა 17 მაღაზია. ეს კი თავის მხრივ სარგებლის მომტანი იყო როგორც კომპანიისთვის, გაყიდვების ჭრილში, ასევე საგრძნობლად, დაახლოებით 25%-ით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად, კომპანიაში, ქვეყნის მასშტაბით, 420 ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი მუდმივად იზრდება.

- როგორია კომპანიის გეგმები - ხომ არ გეგმავთ ახალი, ცნობილი ბრენდების ქვეყანაში შემოყვანას და დამატებით მაღაზიების გახსნას?

ჩვენი ჯგუფი გაფართოებას და ახალი მიმართულებების გაძლიერებას როგორც თბილისის, ასევე რეგიონური მასშტაბით ჩვეული რიტმით განაგრძობს. ამ მხრივაც, ვფიქრობ, სანდო პარტნიორის მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას, ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე თავისუფლად ვიფიქროთ.

ახლო მომავალში ვგეგმავთ სასაწყობო მეურნეობის განვითარებას. ასევე, ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის ახალი ბრენდების წარდგენას - „გალერია თბილისის“ სავაჭრო ცენტრში რამდენიმე დღის წინ სამგზავრო, ლეპტოპის ჩანთებისა და ზურგჩანთების ბრენდის, Samsonite-ის ერთი ფილიალი წარვადგინეთ. აღნიშნული ბრენდის კიდევ ერთი ფილიალი, უახლოეს პერიოდში „სითი მოლის“ სავაჭრო ცენტრშიც გაიხსნება. ამ და სხვა მიმართულებით, ახლო მომავალში, მომხმარებელს კიდევ მრავალ სიახლეს ვპირდებით. ეს ყოველივე კი გაცილებით მარტივია, როდესაც გვერდით სანდო პარტნიორი გყავს.

®

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები