"ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალური დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ამ სისტემის ამოქმედება აუცილებელი იყოს, რადგან დაფინანსების არსებული არსებული სისტემა 2012 წელს შემუშავდა.
“დაფინანსების ის მექანიზმი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ფუნქციონირებდა შესაძლოა იმ მომენტში სწორად დაგეგმილი იყო. მაგრამ ათი წლის მანძილზე როდესაც სტრატეგიულად ასეთ მნიშვნელოვან დარგში არანაირი ჩარევა არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა მოძველდა და გამოწვევებს ვეღარ პასუხობდა. ასევე, ვეღარ აჩენდა შესაძლებლობას დარგში გრძელვადიანი ინვესტიცია განხორციელებულიყო. აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვაფასებთ DRG-ის სისტემის ამოქმედებას და მზაობას გამოვთქვამთ, რომ ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში სექტორმა სახელმწიფოს მხარი დაუჭიროს",-განაცხადა მან "ანალიტიკაში".
მისივე თქმით, სამინისტროსგან აქვთ დაპირება, რომ ნელ-ნელა DRG-ის სისტემას ახალი სამედიცინო მომსახურეობები დაემატება.
“ამ სისტემაში ჩადებულია მუდმივი განახლების ინდიკატორები, ანუ საბაზისო ტარიფის გადახედვა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა იქნება საჭირო, რასაც დრო დასჭირდება. რაც შეეხება კონკრეტულ ნოზოლოგიურ კოდებს, რაზეც შესაძლოა გავრცელდეს სამომავლოდ ეს სამუშაო პროცესი იქნება. ფუნდამენტური ნაწილი, რასაც სახელმწიფო უნდა ფარავდეს შესულია ამ ახალ სქემაში, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ის კონკრეკრეტული მიმართულებები, რომლებსაც დღეს DRG არ ფარავს სამომავლოდ დღის წესრიგში კვლავ იქნება",-აცხადებს ზურაბ ქიტოშვილი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.
ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:
- გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
- ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
- გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
- მშობიარობა / საკეისრო კვეთა
- ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
- კომბუსტიოლოგია
- თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
- სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება