მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან საშიშია მიშენებები, კატასტროფა შეიძლება მივიღოთ - „მენაშენეთა ასოციაცია“

63e4ec8bc6f38
მარიამ დემეტრაშვილი
09.02.23 23:37
1087
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის შეფასებით, თბილისში საცხოვრებელი სახლების 80% სეისმომედეგობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ძალიან საშიშია.

მისი თქმით, თანამედროვე მშენებლობები საკმაოდ მყარი მონოლითური კონსტრუქციებია, რომლებიც 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას უნდა უძლებდეს, თუმცა მათი წილი ბაზარზე საკმაოდ მცირეა. საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა ამორტიზებულია, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გასულია.

როსტომაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეს ქმნის ასევე უნებართვო მიშენებები, საყრდენ კედლებში გაკეთებული გამოჭრები და მსგავსი ცვლილებები.

„1992 წლიდან საქართველოში საპროექტო საანგარიშო ნორმა არის 8 მაგნიტუდაზე, მანამდე იყო ნაკლები. შენობები, რომელიც აშენებულია ამ ნორმების ცვლილებამდე და ძირითადად ესენია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაშენი მასივები, ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე სტანდარტებს, რადგან გათვლილია 7 მაგნიტუდაზე. თუმცა აქ საუბარია იმ შენობებზე, რომლებიც წესების დაცვით და კეთილსინდისიერად აშენდა და არა იმაზე, მასალებს რომ იპარავდნენ, ან ვიღაცა რომ თაღს გამოჭრის თავის ნებაზე. წესების დაცვით აშენებული ვერ გაუძლებს ძლიერ მიწისძვრას და ახლა წარმოიდგინეთ ასეთ სახლებს რა მოუვა.

თბილისი უნდა დაიყოს რამდენიმე ავარიულ ზონად: ისტორიულ თბილისში, კრწანისში შენობები აშენებულია 1 800-იანი წლების დასაწყისში ძველი შენობების ფუნდამენტებზე და ხშირ შემთხვევაში, გეომეტრიაც კი არ ემთხვევა. ბევრი მათგანი აშენებულია ისე, რომ ორ შენობას ერთი საერთო კედელი აქვს. პრობლემაა მათი მშენებლობის პრინციპი და სართულშუა გადახურვაც. ძალიან პრობლემურია ნაძალადევის რაიონი, რომელიც 1 850 წლიდან ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე გაშენდა. საშიშია კარკასულ-პანელოვანი, ე.წ. 9-სართულიანი კორპუსები და წერტილოვანი 16-სართულიანი კორპუსები. კატასტროფულად საშიშია მიშენებები, მოშენებები, დაშენებები, უნებართვოდ გამოჭრილი კედლები. თბილისის საცხოვრებელი სახლების 80% ასეთია. 7 მაგნიტუდაზე მეტი მიწისძვრა რომ მოხდეს, თბილისის 70%-ზე მეტი მიწასთან გასწორდება, კატასტროფა შეიძლება მივიღოთ“, - თქვა ირაკლი როსტომაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები