მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძირითადი წარმოება გაგვიჩერდა, პირბადეებს ვკერავთ - სამკერვალო COVID-19–ის ეფექტზე

5e733211f1d6c
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.20 10:16
1527
ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია "მოვის" წარმომადგენელის თქმით, რომელიც ამ დროისთვის სახელმწიფოსთვის პირბადეების შეკერვით არის დაკავებული, დროებით, კომპანიას თავისი ძირითადი საქმიანობა შეჩერებული აქვს.

როგორც ანა ანდრონიკაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, "ჯერჯერობით წარმოება გაჩერდა". კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ საწარმოში სულ 280-მდე ადამიანია, თუმცა მათგან ამ დროისთვის საწარმოში 40–მდე თანამშრომელი მუშაობს.

"ჯერჯერობით წარმოება გაგვიჩერდა მხოლოდ იმის გამო, რომ თანამშრომლები სამსახურში ვერ მოდიან. ჩვენთან ძირითადად 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები მუშაობენ და ვინაიდან ეს ჩვენთვის და მათთვისაც რისკ ფაქტორს წარმოადგენს, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ცხადდება საწარმოში და იმის გამო, რომ რამდენიმე 1000 ქურთუკი ვერ გავა ექსპორტზე, ჩვენს თანამშრომლებს საფრთხეს ვერ შევუქმნით. სავარაუდოდ, 2 კვირა გავჩერდებით, ჩვენივე უსაფრთოხების გამო", - განაცხადა ანა ანდრონიკაშვილმა.

მისი თქმით, აქამდე კომპანიას ექსპორტის მიმართულებით პრობლემები არ ჰქონია.

"ჩვენი ქვეყნიდან ექსპორტის პრობლემა არ ყოფილა, იმიტომ რომ გულდასმით ხდებოდა შემოწმება, დეზინფიცირება და ისე უშვებდნენ. პრობლემები სხვა ქვეყნის საზღვართან უფრო იქმნება და დაგვიანებით ჩადის, მაგალითად იტალიაში, იქ არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე. დღემდე ექსპორტის მიმართულებით შეზღუდვა არ გვქონია, სანამ ჩვენს ქვეყანაშიც მდგომარეობა არ დამძიმდა ვაგზავნიდით ტანსაცმელს ექსპორტზე, ბოლო პარტიის ექსპორტი წინა კვირას განხორციელდა", - განმარტა "მოვის" წარმომადგენელმა.

ანა ანდრონიკაშვილმა აღნიშნა, რომ კომპანია 1 თვის განმავლობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ შეკერავს პირბადეებს და თავის დასაქმებულებს ხელფასებსაც თავად გადაუხდის.ს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები