გენერალური გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების შედეგად, მესაკუთრეებს გარკვეულ არეალებში შეზღუდვები მოეხსნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა და დედაქალაქის გარკვეულ არეალებში შეზღუდვების მოხსნის გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა.
მერის მოადგილის თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული კვლევების დასრულების შედეგად, იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება ჰქონდათ შეზღუდული, წელიწადნახევრის შემდეგ, აღნიშნული შეზღუდვები მოეხსნებათ.
მისივე განმარტებით, არსებული შეზღუდვები გამოწვეული იყო ახალი გენგეგმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებით, რომელიც დედაქალაქში, 11 არეალზე დამატებითი კვლევების ჩატარებას ითვალისწინებდა.
„ძველი გენერალური გეგმის დაბრუნება არანაირად არ ხდება. აქ საუბარია იმაზე, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ, თბილისში, 11 არეალზე დამატებითი კვლევების ჩატარების შესახებ რამდენიმე ვალდებულება წარმოიშვა. ამ კვლევებზე წელიწადნახევრის განმავლობაში, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. შესწავლილ იქნა 11 არეალი, მათ შორის, ლისის ტბის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიები, დიდი დიღმის გარკვეული ნაწილი, ორთაჭალის ბაღებად წოდებული ტერიტორია და სხვა. კვლევების დასრულების შედეგად, გამოვლინდა ზუსტი სატრანსპორტო სქემები, სანიტარიული დაცვის არეალები. ამის შემდეგ კი ის შეზღუდვები მოიხსნა, რაც კვლევების დასრულებამდე მოქმედებდა. გენერალური გეგმის დავალება 11 არეალზე კვლევის ჩატარების შესახებ, შესრულდა. მერიამ მოკლე დროში ამ მნიშვნელოვან დავალებას წარმატებით გაართვა თავი. ზუსტად განისაზღვრა სატრანსპორტო სქემები, სანიტარიული ზონები, გეოლოგიურად საშიში უბნები და იმ ადამიანებს, რომელთაც საკუთარი ტერიტორიებით სარგებლობის უფლება შეზღუდული ჰქონდათ, აღნიშნული შეზღუდვები მოეხსნებათ. შესწავლილ არეალებზე ცვლილებებს თბილისის საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე თქმით, სანიტარიული დაცვის ზონების, საგზაო ინფრასტრუქტურის, გეგმარებისა და გეოლოგიურად საშიში უბნების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთების კერძო მესაკუთრეები აღნიშნული 11 არეალის მიზნობრივ გამოყენებას შეძლებენ.