დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ი აცხადებს, რომ ინდური შტამი წელს ტურიზმს ხელს ვერ შეუშლის და შესაბამისად, არც ზაფხულის სეზონი ჩაიშლება. კომპანიის მენეჯმენტი აღნიშნავს, რომ საავიაციო ინდუსტრია კიდევ ერთ დაკარგულ სეზონს რთულად გადაიტანს. ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
EasyJet-ის აღმასრულებელი დირექტორის იოჰან ლუნდგრენის თქმით, თუ მოგზაურობასთან დაკავშირებით დამატებითი აკრძალვები ისევ ამოქმედდება, შესაძლოა, ინდუსტრია სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდეს.
ის დიდი ბრიტანეთის მთავრობას თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, "მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალში მეტი ქვეყნა დაამატოს. ბრიტანეთი „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალს, სავარაუდოდ, 7 ივნისს გადახედავს.
„არ მგონია, ინდურმა შტამმა ეს ზაფხული გააფუჭოს, თუმცა სახელმწიფოსგან ინდუსტრიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება. ქვეყანა მზად უნდა იყოს ჩვენს დასაცავად, რადგან როგორც ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი, ვაცხადებ, რომ კიდევ ერთ დაკარგულ სეზონს ვერ გავუმკლავდებით“, - განაცხადა იოჰან ლუნდგრენმა.