ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა, ირაკლი თავართქილაძემ, გადაცემა “საქმიან დილაში”, ებრაელი ტურისტების მხრიდან გაუქმებულ ჯავშნებზე და ფაქტობრივად, ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, ბათუმში, თითქმის ყველა ხუთ-ვარსკვლავიან სასტუმროში, ჯავშნების 70-80% ებრაელ ტურისტებზე მოდიოდა. ამას ემატებოდა ფრენების გაზრდილი რაოდენობა ისრაელიდან, რომელიც ბათუმში კვირაში 30-ს უტოლდებოდა. თუმცა ისრაელის მიერ საქართველოს მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალში შეყვანამ მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა, რაც კატასტროფულად იმოქმედებს ტურისტულ სეზონზე.
„ებრაელი ტურისტების კლება 23 ივლისიდან დაიწყება და უკვე აგვისტოს პირველ რიცხვებში ნულამდე ჩამოვა. ამ მდგომარეობიდან კი ერთადერთი და მთავარი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაციაა. სამწუხაროდ, მიზერული პროცენტია აცრილი საქართველოში და ამიტომაც ტურისტები ხშირად უარს ამბობენ მოგზაურობაზე, რადგან თვლიან რომ არ არის უსაფრთხო ის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 5-10%-ია მხოლოდ აცრილი. ჩინური ვაქცინები ხელმისაწვდომია, მაგრამ მოსახლეობის განათლების დაბალი დონის და აგიტაციის პირობებში, ადამიანები არ იყენებენ შესაძლებლობას რომ აიცრან, საკუთარი და ასევე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში დღეს,” - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.
როგორც „აჭარა ტურის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, შუა ზაფხულში მძიმე რეგულაციების დაწესება ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს. მისივე თქმით, მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ისიც, რომ არსებული რეგულაციების დაცვა და მათი მონიტორინგიც არ ხდება.
“ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ისრაელზე, თუმცა, 10 დღეში ჩარტერულ ფრენებს ვიწყებთ ლიეტუვადან და ესტონეთიდან ბათუმში, კვირაში ორი რეისი გვექნება სექტემბრის ბოლომდე და ძალიან მეშინია ევროკავშირმაც წითელ ზონაში არ გადაგვიყვანოს და ეს რეისებიც არ გაგვიუქმონ, რაც კატასტროფა იქნება რეგიონისთვის. დავრჩებით მხოლოდ ბელორუსის იმედად, რადგან მათთვის მთელს მსოფლიოში საჰაერო სივრცე, საქართველოს გარდა დახურულია,” - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.
შეგახსენებთ, 2021 წლის ივნისში საქართველომ სულ 146 600 უცხოელი ვიზიტორი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტების რეკორდული რაოდენობაა. წინა წელთან შედარებით ვიზიტორების ეს ნაკადი 287%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 76 946 ვიზიტორი საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში.
ყველაზე მეტი კი თურქეთიდან (29 606) და ისრაელიდან (15 837) შემოვიდა. ჩამონათვალშია უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საუდის არაბეთი და ბელორუსიცაა.
დღეს კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, საშიში ქვეყნების სიაში მოვხვდით. ამიტომაც, უკვე მიმდინარე კვირის პარასკევიდან, ანუ 23 ივლისიდან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, ისრაელში ჩასულ/დაბრუნებულ პირებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. არადა ისრაელი იმ ათ ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მოქალაქე ჩამოდის ტურისტად.