ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ მწვანე ობლიგაციებში 13.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD ავრცელებს.
ობლიგაციის განთავსება სს "ჯორჯია კაპიტალის" ჯგუფში შემავალმა "საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა" (GRPO) განახორციელა და ფასიანი ქაღალდის მოცულობა $80 მილიონი დოლარია.
ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული 5 წლიანი ვადით და მოიცავს 7%-იან ნომინალურ შემოსავალს. ისინი გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით. ემისიას მხარი დაუჭირეს ჰოლანდიის განვითარების ბანკმა (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), EBRD-იმ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB).
"შემოსული თანხა მოხმარდება სს ჯორჯია კაპიტალის (GCAP) მიერ მოწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას სს „ჯორჯია გლობალ იუთილითი“-ს (GGU) 250,000,000 აშშ დოლარის ღირებულების 7.75% ევროობლიგაციების ნაწილის დასაფარად, რომლებიც 2020 წლის ივლისშია გამოშვებული. ტრანზაქცია ასევე მოახდენს GRPO-ის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას.
ინვესტიციების მეშვეობით GRPO ასევე გადადგამს ნაბიჯებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის გზაზე ენერგეტიკულ სექტორში, სადაც მეტწილად მამაკაცები არიან დასაქმებული, და ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას ამ სექტორში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
GRPO, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) წარმოდგენილი GCAP-ის შვილობილი კომპანიაა, წარმოადგენს განახლებადი ენერგიის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას საქართველოში. კომპანია ოპერირებს ოთხ ჰიდროელექტროსადგურს და ერთადერთ მოქმედ ქარის ელექტროსადგურს საქართველოში, რომელთა საერთო სიმძლავრე 71 მეგავატს უდრის,"- ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.