ჯერჯერობით მეორე კვარტლის არცერთი თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. საქსტატი აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის ანგარიშს 28 მაისს გამოაქვეყნებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2021 წლის II კვარტალში რეალური მშპის ზრდის ტემპი დადებითი იქნება და 13.9% დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ რეალური მშპ-ს აღნიშნული სიდიდე 1.2%-ით ჩამორჩება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებულია 2020 წლის II კვარტალში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და შეზღუდვების შემსუბუქება/გაუქმების ფონზე, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით. ვაქცინაციის პროცესის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შერბილების/გაუქმების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც.
აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით:
- ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 4-ჯერ გაიზრდება, (2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 4-ჯერ ნაკლები) ამავე დროს უმნიშვნელოდ გაიზრდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.
- ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად კვლავ შენარჩუნდება შიდა ტურიზმის აქტივობა.
- გაიზრდება როგორც კერძო ისე მთავრობის მოხმარების მოცულობა.
- გაიზრდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობებთან ერთად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების ზრდას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ დადებით ტემპს.
- მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი ზრდის პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდაც.
- გაზრდილი მოხმარების და ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.
- გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად გაიზრდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა ზრდის ნაცვლად, 4.2%-ით შემცირდა. ამ შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იანვარში 11.5%-იანი ვარდნა იყო.
პირველი კვარტლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:
იანვარი - მინუს 11.5%;
თებერვალი - მინუს 5.1%;
მარტი - ზრდა 4%
ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%.
აპრილში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა IMF-მა და ADB-იმ საქართველოს 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის 1 პროცენტული პუნქტით 3.5%-მდე შეამცირეს. მათგან განსხვავებით საქართველოს მთავრობა წელს ქვეყანაში 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა BMG-ის ისიც განუცხადა, რომ შესაძლოა მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდოს.