მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის და ბიზნესის მთავარი ტენდენციები და მოლოდინები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სავარაუდოდ ფასებისა და ხელფასების სპირალი არ შეინიშნება. ამასთან, ეროვნული ბანკის დაკვირვებით, ქვეყანაში ხელფასების ზრდის ტალღას ამჟამად კომერციული ორგანიზაციები საკუთარი მოგების შემცირების ხარჯზე აფინანსებენ. ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წერია.

ქვეყანაში ხელფასების მატების ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი პანდემიური პერიოდის მაღალი ინფლაციური პერიოდიდან მოყოლებულია. მაგალითად, 2020 წელს საშუალო ხელფასი 1,191 ლარი იყო, 2021-ში 1,304 ლარამდე გაიზარდა, 2022-ში 1,592 ლარამდე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი საშუალო ხელფასი 1,716 ლარამდე გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, ხელფასების ზრდაზე გავლენა მაღალ ინფლაციასთან ერთად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტმაც განაპირობა. ამასთან, სებ-ის თანახმად, პანდემიის პირველ წლებში ქვეყანაში ინფლაციის მატება კომპანიების მოგების ზრდასთან იყო დაკავშირებული. 

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი.

მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. სებ–ში მიაჩნიათ, რომ მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა.

ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6 პროცენტამდე გაზარდა. როგორც სებ–ში განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნის გამო, შედარებით მაღალი იქნება, ინფლაციაზე დამატებითი წნეხი წარმოიქმნება. სებ–ი შრომის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებსაც აკვირდება: ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა დასაქმებულთა პროდუქტიულობის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის ხანგრძლივად შენარჩუნებაც წარმოების ხარჯებს გააძვირებს და საბოლოოდ ფასებზეც აისახება.

ყველა ამ ამ რისკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას ფრთხილი ბიჯებით აგრძელებს და, წინა სხდომაზე უცვლელად დატოვების შემდეგ, მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით ამცირებს.

რა მოლოდინებს ქმნის არსებული სურათი და რა ტიპის გაურკვევლობის გაღრმავებას უნდა ველოდოთ ბაზარზე?

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები