მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ.ენერგიის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - 6 თვეში ქვეყანამ $53.8 მლნ-ის შემოსავალი მიიღო

62d957be65549
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.22 18:04
857
მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ბოლო 10-წლის მაქსიმუმზეა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 53.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლების ამავე პერიოდებში განხორციელებული ექსპორტის უმაღლესი მაჩვენებელია. უფრო მეტიც საქსტატის ოფიციალური ინფორმაციით, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მიერ ელექტროენერგიის ექსპორტით წლიურად ყველაზე მეტი შემოსავალი 2010 წელს მიიღო და ეს 36.5 მლნ დოლარი იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება, 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 303.8%-ით აჭარბებს. შედეგად ელექტროენერგიამ 2.1%-იანი წილით უმსხვილეს საექსპორტო საქონელის ათეულში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის - ესკოს მონაცემებით, ქვეყნიდან ელექტროენერგიის ექსპორტი მარტიდან დაიწყო, მაისში ექსპორტის მოცულობამ 269.3 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო ივნისში 351.1 მლნ კვტ საათამდე გაიზარდა. ჯამში საქართველომ 6 თვეში 623.3 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია გაყიდა. მაშინ როდესაც გასულ წელს სრულად ექსპორტზე 391 მლნ კვტ/სთ-ის ელექტროენერგია გავიდა.

აღსანიშნია, რომ ქართული ელექტროენერგიის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.

საექსპორტო ქვეყნები:

1. თურქეთი - 516.5 მლნ კვტ/სთ, 49.3 მლნ დოლარი;
2. სომხეთი - 98.1 მლნ კვტ/სთ, 3.9 მლნ დოლარი;
3. აზერბაიჯანი - 8.8 მლნ კვტ/სთ, 569 მლნ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებლებს გაზარდა, რომლის მიხედვით ივნისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, ივლისში, ექსპორტზე 128 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავა, ხოლო აგვისტოში - 33 მლნ კვტ/სთ.

შედეგად, 2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი, ჯამში 783 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწევს, რაც 2011 წლიდან რეკორდული მაჩვენებელია. 2011 წელს ექსპორტზე 930 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა. რაც შეეხება რეკორდული წლის 6 თვის მაჩვენებელს, 2011 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი სულ 561.4 მლნ კვტ/სთ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები