მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ჩვენს ფასებზე არ აისახება - "აჭარა ტექსტილი"

6001a9931fdbd
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.21 18:21
985

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად კი, ცალკეულ სფეროებში მოღვაწე ბიზნესებს გაზრდილი ტარიფის სხვაობის 50%–ს სახელმწიფო დაასუბსიდირებს. შეღავათს სახელმწიფოსგან საკვები პროდუქტების სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ბიზნესები მიიღებენ.

იქონიებს თუ არა გავლენას ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი ტანსაცმლის ადგილობრივ მწარმოებლებზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს მწარმოებლები სრულად ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი და ხელშეკრულებებიც საერთაშორისო პარტნიორებთან აქვთ.

როგორც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, გაძვირებული ელექტროენერგია გარკვეულწილად უარყოფითად იმოქმედებს საწარმოს ხარჯებზე, თუმცა, ის პროდუქციის საფასო პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„აჭარა ტექსტილი დიდი მოცულობის ელექტროენერგიას არ მოიხმარს, იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოები ენერგოეფექტური დანადგარებითაა აღჭურვილი. აქედან გამომდინარე ჩვენი პროდუქციის ფასწარმოქმნაში ელექტროენერგიის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ეს შეიძლება მაქსიმუმ 2% იყოს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენი ყოველთვიური ხარჯები დაახლოებით 3 მლნ ლარია, საიდანაც ელექტროენერგიის ხარჯი 30 000 ლარია, დაახლოებით 1%-დან 2%-მდე. ეს მცირედ გავლენას მაინც მოახდენს, თუმცა ამით ჩვენთან განგაში არ გამოცხადდება და ტარიფის ზრდა საფასო პოლიტიკაზე არ აისახება", - განაცადა ლომინაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეისვის „აჭარა ტექსტილი“ ტანსაცმლის მწარმოებელ 4 ქარხანას მართავს, რომელთა თვიური წარმადობა 1 მლნ ერთეულია. კომპანია წარმადობის გაზრდას 2021 წლის პეიოდში 1.3 მლნ 1.4 მლნ ერთეულამდე გეგმავს.

ცნობისთვის, კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან Nike-თან, ADIDAS-თან, Lotto-სთან, Erima-სთან, New Balance-თან და Under Armor-თან თანამშრომლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები