ელექტრომობილების მწარმოებელი მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაცია BYD-ი რეგიონში გაფართოების გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ ლოკაციად საქართველოს განიხილავს - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გურამ გურამიშვილი მსხვილი ტექნოლოგიური და ინოვაციური კორპორაციის BYD-ის ევროპის ოფისის აღმასრულებელ დირექტორს ისბრანდ ჰოს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაცია BYD, რომელიც მსოფლიოში ელექტროავტომობილების, ავტობუსებისა და ელექტრობატარეების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, რეგიონში გაფართოებას გეგმავს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ ლოკაციად საქართველოს განიხილავს.
„ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ლიბერალური ბიზნესგარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე აქცენტი გააკეთა საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებზე და აღნიშნა, რომ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს მხარდაჭერისა და განვითარების სამთავრობო პროგრამები“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყების ინფორმაციით, BYD - ის წარმომადგენლები ასევე საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით, განსაკუთრებით, ევროკავშირთან მიმართებით დაინტერესდნენ.
შეხვედრის დასასრულს კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა კორპორაცია BYD - თან შემდგომი თანამშრომლობის განვითარების მიზნით.