ამერიკისა და ევროკავშირის ბაზარზე ისევ ამერიკული Tesla დომინირებს, თუმცა ასე დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაგრძელდება და ამის სწორედ ის ფაქტი ცხადყოფს, რომ 2022 წელს Tesla-მ გლობალურ ბაზარზე პირველობა დაკარგა.
ამჟამად ინდუსტრიის ლიდერი ჩინური BYD-ია, რომელზეც გლობალური ბაზრის 18.1% მოდის. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ 1.8 მილიონი ერთეული ელექტრომობილი და plug-in ჰიბრიდი გაყიდა. შედარებისთვის, ამავე პერიოდში Tesla-მ 1.3 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა, რაც გლობალური გაყიდვების 12.8%-ს უდრის.
რეიტინგში მესამე ადგილზე გერმანული Volkswagen Group-ია, რომელმაც თითქმის 840,000 ერთეული ელექტრომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შედარებისთვის, BYD-ის გაყიდვები ერთ წელიწადში 211%-ითაა გაზრდილი, რაც იმას ცხადყოფს, რომ ჩინური კომპანიის პროდუქციაზე მოთხოვნა მკვეთრად იმატებს.
