მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ემბისიმ“ ₾15 მილიონის ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსა

63f77a27bd037
თინათინ ნატმელაძე
23.02.23 23:55
936
გასული წლის მიწურულს Galt & Taggart-ის მხარდაჭერით, „მიკრო ბიზნეს კაპიტალმა“ საქართველოს საფონდო ბირჟაზე ₾15 მილიონის მოცულობის ორწლიანი ობლიგაციები განათავსა.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი თათია ჯაჯანაშვილი „საქმიანი დილის“ ეთერში აცხადებს, ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი ემისიაა, რომლის სრულად დაფარვა 2024 წლის 13 დეკემბერს მოხდება. კომპანიამ საკრედიტო რეიტინგი Scope Ratings-ისგან მიიღო და ის B+ დონით განისაზღვრა.

„ამაზე თითქმის ორი წელი ვმუშაობდით. ზუსტად მაშინ, როდესაც "კოვიდი" დაიწყო ვამზადებდით პროსპექტს ეროვნულ ბანკში შესატანად, მაგრამ სამწუხაროდ ეს პროცესში შევაყოვნეთ და ორი წელი გადაიდო, რამაც ბევრი დაბრკოლება შეგვიქმნა. გვინდოდა, ლარის ობლიგაციები დროულად გამოგვეშვა, მაგრამ ეს რთული პერიოდი დაემთხვა. ამჟამად ჩვენი ობლიგაციების ვადა არის ორი წელი, განაკვეთი კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი - TIBR განაკვეთს დამატებული 4.25%, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი განაკვეთის ლარის ობლიგაციებისთვის, ამაში საკრედიტო რეიტინგის მოპოვებაც დაგვეხმარა,“ - განაცხადა თათია ჯაჯანაშვილმა.

მისივე ცნობით, „ემბისიმ“ გასული წელი სასესხო პორტფელის 25%-იანი და აქტივების 15%-იანი ზრდით დაასრულა.

„შარშან 7 მილიონი დოლარი საერთაშორისო ინსტიტუტებისგან, სამი მილიონი ლარი კი რამდენიმე ქართული კომერციული ბანკისგან მოვიზიდეთ. საერთო ჯამში, ეს საკმაოდ აქტიური წელი იყო მოზიდული სახსრების კუთხით. რამდენიმე მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ჩვენი აქტივების და სასესხო პორტფელის ზრდას მოხმარდა, ნაწილი კი არსებული ვალდებულებების ჩანაცვლებასა და პირობების გაუმჯობესებას,“ - ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი.

„ემბისის“ წარმომადგენელი გასული წლის გამოწვევების შესახებაც ყვება და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა საფინანსო სექტორზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა იქონია.

„სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი არ არის საკმარისი ჩვენი განვითარებისათვის, მითუმეტეს ლარში სესხების მოზიდვა არ არის მარტივი, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათთან მუშაობა არის გრძელვადიანი თანამშრომლობის საწყისი, რომელიც ბევრ სხვა ბენეფიტთან ერთად გვაძლევს საკმაოდ კონკურენტუნარიან რესურსს, თუმცა ეს არის უკვე დოლარში. რუსეთ-უკრაინის ომის გამო გარკვეული პერიოდით საქართველოსადმი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოკიდებულებაც შეიცვალა და რამდენიმე თვით გადაიდო სესხების მიღება, ძირითადად ეს სესხები მოვიზიდეთ წლის მეორე ნახევარში, როდესაც შედარებით სტაბილური გახდა მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი.“ - განმარტავს თათია ჯაჯანაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზნად 20-25%-იანი ზრდა რჩება. როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, იმედი აქვთ, რომ წლის განმავლობაში 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს მოიზიდავენ და თავიანთ წვლილს, როგორც კაპიტალის ბაზრის ისე საერთაშორისო ინვესტიციების საქართველოში შემოტანის საკითხშიც შეიტანენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები