პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი კომპანია „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორის ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, კომპანიის წარმოება პანდემიის გავლენით 25%-ით შემცირდა.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას ალექსანდრე რატიშვილი განმარტავს, კომპანიას ახალ დღის წესრიგზე გადაწყობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა არ გასჭირვებია, შესაბამისად წარმოება ერთი დღითაც არ შეფერხებულა.
„ახალ წესებთან მორგება არ გაგვჭირვებია, რადგან კომპანია დაარსების დღიდან "მაკდონალდსის" მაღალი სტანდარტებით მუშაობს. ეს იქნება დეზინფექცია, ბახილები, თუ დეზობარიერები... ერთადერთი, რაც დაგვემატა ეს პირბადეების მუდმივი ტარებაა და ამიტომ ამ მოთხოვნების შესრულება არ გაგვჭირვებია. სახელმწიფოს მიერ ჭკვიანურად და სწორად გაკეთებულმა რეგულაციებმა ხელი შეგვიწყო, დავიცავით ყველა წესი“, - ამბობს კომპანიის მმართველი პარტნიორი.
მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში მათ პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა, შესაბამისად შემცირდა წარმოებაც.
„მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს და საკმაოდ ძვირიან სეგმენტში ვართ, შესაბამისად, შედარებით უფრო ძვირი პროდუქტების წარმოება საკონდიტრო მიმართულებით დაახლოებით 40%-მდე შემცირდა, ხოლო პურ-ფუნთუშეულის ხაზზე დაახლოებით 10%-ით კლება გვქონდა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმოების მოცულობა 20-25%-ის ფარგლებში შემცირდა. თუმცა, ამან არ შეგვიქმნა იმ ტიპის პრობლემები, რომ დაგვჭირვებოდა ადამიანების შემცირება და ა.შ.“, - აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.
პროგნოზებზე საუბრისგან „ემსიბი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი თავს იკავებს და ამბობს, რომ მდგომარეობა იმდენად ცვალებადია, რომ რთულია შეფასების გაკეთება.
„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ცოტა არ იყოს „შიშიც“ გვაქვს გვიანი შემოდგომის პერიოდისთვის, იმიტომ რომ მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. ამასთან, ტურიზმი რომელიც 100%-ით ჩავარდა გავლენას ახდენს მის მომიჯნავე დარგებში დასაქმებულთა შემოსალების კლებაზე, რაც კიდევ უფრო საგრძნობი გვიანი შემოდგომიდან გახდება, შესაბამისად კიდევ უფრო მოიკლებს ადამიანების მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად მოთხოვნაც, და თუ არ არის მოთხოვნა არ არის გაყიდვები.
ჩვენი შეფასებით ის მოგება არ გვექნება, რაც გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ დიდ ზარალს არ ველით, იმიტომ რომ ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია მოვახდინეთ და ველოდებით, რომ 2020 წელს ნორმალურად დავამთავრებთ, რადგან ამ რეგულაციების მოხსნის შემდეგ ხალხი ამოძრავდა და გარკვეული აქტივობა იგრძნობა“, - უთხრა BM.GE-ის ალექსანდრე რატიშვილმა.
კომპანია „ემსიბი ჯორჯია“ საქართველოს ბაზარზე 20 წლის წინ შემოვიდა და 1999 წლიდან 10-მდე სახეობის პროდუქტით მაკდონალდსის მომმარაგებელი გახდა. დღეისთვის ბრენდ «მადამ დე»-ს პროდუქცია მაკდონალდსის გარდა ქსელურ და არაქსელურ მარკეტებშიც იყიდება და 50-მდე ადამიანს ასაქმებს.