"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე ჟურნალისტებთან თქვა, რომ ხელშეწყობის ინსტრუმენტი სავარაუდოდ ნოემბრის დასაწყისში გაცხადდება.
მისივე განმარტებით, ახალი მექანიზმი ქვეყანას, საბოლოოდ, მიიყვანს იქამდე, რომ საკუთარი რესურსით მოხმარებას დააკმაყოფილებს და ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწევს.
„იმედი გვაქვს, რომ ხელშეწყობის ინსტრუმენტი ნოემბრის დასაწყისში გაცხადდება და ისევ ჩქარი ტემპით დაიწყება ჩვენი განახლებადი რესურსების ათვისება. საბოლოოდ, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ საკუთარი რესურსით ჩვენივე მოხმარება დავაკმაყოფილოთ და ენერგო დამოუკიდებლობას მივაღწიოთ, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლისგან.
ჯერჯერობით საუბარია იმაზე, რომ ე.წ CFD კონტრაქტები იქნეს შემოღებული. მეორე მხრივ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული, რაც შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვას და ტენდერების ჩატარებას გულისხმობს. ტენდერის საფუძველზე დადგინდება სახელმწიფოს ვინ უკეთეს პირობებს შესთავაზებს, შედეგად, ის გაიმარჯვებს და სახელმწიფოსგან მემორანდუმს მიიღებს.
ტენდერზე ტარიფის დადგენის შემდეგ, კონკრეტული კომპანია ვალდებული იქნება ბირჟაზე ივაჭროს. თუ ტენდერსა და ბირჟაზე დადგენილ ტარიფებში განსხვავებაა ესეც დარეგულირდება“, - აცხადებს აბრამიშვილი.