მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის PPA მოდელი არ აღდგება, მას აუქციონების სისტემა ჩაანაცვლებს

6324330017179
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.22 12:14
1112
ენერგეტიკის სექტორის მრავალწლიანი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობა ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებებს აღარ გააფორმებს. ახალი PPA ხელშეკრულებების გაცემა 2017 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის საფუძველზე შეწყდა. მაშინ ფონდი მიუთითებდა, რომ ამ ხელშეკრულებებით მთავრობა საკუთარ თავზე დიდ ვალდებულებებს იღებდა და პროექტების განხორციელების შემთხვევაში ბიუჯეტს სოლიდური თანხების გადახდა მოუწევდა. მორატორიუმის შემდეგ ენერგეტიკის სექტორი მთავრობას PPA მოდელის ჩამნაცვლებელი მექანიზმის მიღებისკენ, ან თავად PPA კონტრაქტების გაცემის აღდგენისკენ მოუწოდებდა. თუმცა, როგორც ირკვევა, PPA ხელშეკრულებების აღდგენა არ მოხდება.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ PPA მოდელს აუქციონების პრინციპი ჩაანაცვლებს. თუმცა, ჯერჯერობით ეს მოდელი საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არაა, ამიტომაც მინისტრის მოადგილე მისი დეტალების შესახებ საუბარს თავს არიდებს. მისი თქმით, საკითხზე უფრო ვრცელ პრეზენტაციას ეკონომიკის სამინისტრო ერთ თვეში  გააკეთებს.

“მოდელი დამუშავების პროცესშია, ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში დაასრულებს მასზე მუშაობას და წარუდგენს დაინტერესებულ საზოგადოებას. მთავარი საკითხი და პრობლემა იყო წინა ვერსიებთან მიმართებით, არის პირდაპირი გარანტირებული შესყიდვა და შევთანხმდით, რომ ეს მექანიზმი არ არის სწორი ჩვენი ენერგეტიკის განვითარებისთვის. ეს იქნება საბაზრო პირობებზე დაფუძნებული. პირდაპირი შესყიდვა არ იქნება, იქნება აუქციონზე დაფუძნებული და არ იქნება პირდაპირი მოლაპარაკებები. ჩვენ შევძლებთ, რომ გამოვაცხადოთ აუქციონი კონკრეტული პირობებით, ის ვინც უკეთეს პირობებს წარმოადგენს, მიიღებს საშუალებას, რომ განახორციელოს ინვესტიციები, თუმცა ეს არ იქნება გარანტირებული შესყიდვა. იქნება სხვა მოდელი მიღებული, რამაც ინვესტორების ინტერესი უნდა განაპირობებს. საფინანსო სექტორთანაც გვქონდა ამაზე კომუნიკაცია და ეს მოდელი საინტერესო უნდა იყოს არამხოლოდ ქართული, არამედ უცხოური საფინანსო სექტორისთვისაც, რათა მათ დააფინანსონ პროექტები.

ვფიქრობ ეს მოდელი საშუალებას მოგვცემს, რომ მომდევნო წლებში ენერგეტიკაში ჩაიდოს მაღალი ინვესტიციები,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

PPA მოდელის დროს სახელმწიფო ჰიდროელექტროსადგურის ინვესტორთან მოლაპარაკებების შემდეგ დებდა სხვადასხვა სახის კონტრაქტს ელექტროენერგიის გარანტირებული წესით შესყიდვის შესახებ. სწორედ PPA ტარიფი იყო გარანტია ინვესტორისთვის რომ მის მიერ ახალი ჰესის მშენებლობაში მილიონობით დოლარის ჩადების შემდეგ ის ამ თანხას ამოიღებდა. PPA კონტრაქტის მაგალითია ხუდონჰესის ინვესტორ ტრანსელექტრიკასთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება, რომლითაც სახელმწიფომ აიღო ვალდებულება 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰესის აშენების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 8 წლის განმავლობაში გარანტირებული წესით 10.5 ცენტად შეეძინა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ხუდონის ჰესი ამ ხელშეკრულების მიუხედავად არ აშენდა, თუმცა აშენების შემთხვევაში ბიუჯეტს მის PPA კონტრაქტზე მნიშვნელოვანი თანხების გაღება მოუწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები