მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოეფექტიანობის სტანდარტები მშენებლობის ფასს 10%-მდე გაზრდის - ლევან ვეფხვაძე

646f731207dc6
ელენე გოგბერაშვილი
26.05.23 10:00
819
1 ივლისიდან ძალაში შედის ენერგოეფექტიანობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.

აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ ბიზნესი მშენებლობების გაძვირებას მოელის. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, ძირითადად გაძვირდება ის მშენებლობები, სადაც კომპანიები ენერგოეფექტიან მასალებს აქამდე არ იყენებდნენ.

„იმის თქმა, რომ ეს ცვლილებები ბაზარზე გავლენას არ იქონიებს, არ იქნება მართალი. შეიძლება ენერგოეფექტიან მასალებს გარკვეული კომპანიები ისედაც იყენებდნენ და იქ შედარებით ძვირი იყო საცხოვრებელი ფართი, თუმცა იყო შენობები, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი სტანდარტების მშენებლობა, ის შედარებით იაფი იყო. ახლა მინიმალური სტანდარტი შემოდის ყველასთვის და გარკვეულ გავლენა ბუნებრივია იქნება.

რთულია თქმა, ეს იქნება 5-10% თუ 15%, თუმცა გარკვეული შეფასებები უკვე არსებობს. როგორც ვიცი, 5-10%-მდე  გავლენას მოახდენს საბოლოო ფასზე, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც მომხმარებლის გადასახდელი იქნება, თუმცა მომხმარებლისთვის გასათვალისწინებელია, რომ გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნებისა და მათი შესრულების პროცედურების შესახებ ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს გუშინ შეხვედრაზე ესაუბრა.

„ენერგოეფექტიანი შენობა დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას და მისი გათბობისა თუ გაგრილებისთვის, დაახლოებით 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. შესაბამისად, ზამთარში გათბობასთან და ზაფხულში გაგრილებასთან დაკავშირებული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნია, რომ 1 ივლისიდან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნების დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. დეკლარაციის წარმოებას პროექტის ავტორები ონლაინ - პლატფორმის მეშვეობით შეძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები