მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, 4 თვეში 20 000 ვიზიტორი ეწვია" - ნიკოლოზ ანთიძე

62fbd4f54f787
BM.GE
16.08.22 23:35
1284
გასული წლის ნოემბერში, ენგურჰესის კაშხალზე, პირველი ტურისტული მარშრუტი გაიხსნა, რომლის ბიუჯეტიც შპს "ენგური ატრაქციის“ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის თქმით, 100 000 ლარი იყო.

დღეს ნიკოლოზ ანთიძემ კაშხალზე საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა, სადაც განაცხადა, რომ "ენგურჰესს" მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი ეწვია. თუმცა მას, როგორც ტურისტული დანიშნულების ობიექტს პოპულარიზაცია სჭირდება.

"ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა ორი საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც დღეს განხორციელდა "ენგურჰესზე“, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს კაშხლის, როგორც ინდუსტრიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ "ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის.

ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხორციელდება დიდი პროექტი, რომელსაც თავისი ეტაპები გააჩნია და დრო სჭირდება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი, წელს უკვე ვიზიტორებისათვის გაიხსნა და მაისიდან უკვე 20 000 ვიზიტორი გვყავდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

გაცნონებთ, რომ ამჟამად პროექტს "ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ ენერგეტიკის განვითარების ფონდი და მისი შვილობილი კომპანია "ენგური ატრაქცია“ ახორციელებს.
 
„ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დღეს, სალომე ზურაბიშვილმა დაათვალიერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები