BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის კომუნიკაციის ხელმძღვანელი ლიკა მიქაუტაძე ამბობს, რომ Entrée Mayfair დღეს ბერკლის მოედანზე Bruton Place-ზე გაიხსნა და მასში კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია ჩადო. ახალ ფილიალში ხუთი ადამიანი დასაქმდა.
„ლონდონში Entrée-ს ფორმატი ქართულ კერძებზეა აქცენტირებული. ახალი ფილიალი სტუმრებს იმავე კერძებს შესთავაზებს, რომელსაც ნოთინგ ჰილის პირველი Entrée სთავაზობს. ეს ყველაზე პოპულარული ქართული კერძებია“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

Entrée-ში აღნიშნავენ, რომ კომპანია ლონდონში განვითარებას განაგრძობს და მესამე ფილიალის გახსნას ზაფხულისთვის Westminster-ის ნაწილში გეგმავს.
„აუცილებლად გავაგრძელებთ ექსპანსიას ლონდონის მასშტაბით. ჩვენმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართული სამზარეულოს კერძები ყველა ქვეყანაში იმუშავებს. ამასთან ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ ფორმატს ვთავაზობთ. მათ ქართული კერძების დაგემოვნება, როგორც ადგილზე, ასევე გატანითაც შეუძლიათ“, - უთხრა BM.GE-ის ლიკა მიქაუაძემ.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს Entrée-ს ორ-ორი ახალი ფილიალი აზერბაიჯანსა (ბაქოში) და საქართველოშიც გაიხსნება, საბოლოოდ კი Entrée საქართველოს მასშტაბით - 16, ბაქოში - 8 და დიდ ბრიტანეთში 3 ფილიალს გააერთიანებს.