მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექს-დეპუტატ ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში - TI-ს კვლევა

60d47e88232f1
ინგა მურუსიძე
24.06.21 17:11
891
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის თანახმად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებმა პარტია „ქართული ოცნებიდან” საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრისა და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯუმბერ იზორიას ჯუმბერ იზორიას ძმისგან, ბადრი იზორიასგან გამარტივებული წესით 145,966 ლარის ღირებულების საწვავი და ტრანსპორტის მომსახურება 17-ჯერ შეისყიდეს.

TI ამჯერად ასაჯაროებს ინფორმაციას ჯუმბერ იზორიასთან დაკავშირებული ორი ბინზესინტერესის შესახებ:

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება:

ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას კომპანია შპს „თოგენი” ახორციელებს. შპს „თოგენი” 2017 წლის დეკემბერში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 80% წილს ჯუმბერ იზორიას მეუღლე ლელა ვახანია ფლობს, 20% წილის მფლობელი და დირექტორი კი ჯუმბერის ძმა, ვეფხვია იზორიაა.

შპს „თოგენმა” მსუბუქი ავტომობილის, მიკროავტობუსისა და მსუბუქი სატვირთოების (M1, M2, N1 კატეგორიები) ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაცია 2018 წლის ივნისში მიიღო. აღსანიშნავია, რომ „თოგენი” ერთადერთი კომპანია იყო ჩხოროწყუდან, რომელმაც ცენტრს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მიღების მიზნით მიმართა.

აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, შპს „თოგენმა” 2018 წლის ივნისიდან დღემდე 13,622 ავტომობილის ინსპექტირება ჩაატარა.

ავტომობილების შეკეთებისა და სათადარიგო ნაწილების ბიზნესი:

თუ გავითვალისწინებთ კატეგორების მიხედვით ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ღირებულებას (M1-60 ლარი, M2-100 ლარი, N1-60 ლარი), შპს “თოგენს” 2018 წლის ივნისიდან დღემდე დაახლოებით 836,520 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული.

მეორე ბიზნესი, რომელიც ასევე ჯუმბერ იზორიასთანაა დაკავშირებული, არის ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩაზე, შპს „თოგენის“ მიმდებარედ მდებარე ავტომობილების შეკეთების ცენტრი და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინდმეწარმე ცაბუ გოგუაა. იზორიასთან მის კავშირზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ცაბუ გოგუას სახელით ჯუმბერ იზორიას ძმა, ვეფხვია იზორია მონაწილეობს, რომელიც, ოფიციალურად გოგუას მინდობილი წარმომადგენელია. ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან რვა შემთხვევაში, ასევე 58 გამარტივებული შესყიდვიდან 36 შემთხვევაში ხელშეკრულებებს ხელს სწორედ ვეფხვია იზორია, როგორც ცაბუ გოგუას წარმომადგენელი აწერს.

გოგუამ 2012 წლიდან დღემდე 166,900 ლარის ღირებულების 13 ტენდერი მოიგო, ამავე პერიოდში კი 91,807 ლარის 58 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 257,987 ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების შემსყიდველები უმთავრესად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები არიან. აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ერთი მხრივ, ცაბუ გოგუას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კანონიერების საკითხი, მეორე მხრივ კი განსაზღვროს რამდენად გამჭვირვალედ და კანონიერად მოხდა შპს „თოგენისთვის” ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მინიჭება და დაადგინოს, შეიცავდა თუ არა ორივე შემთხვევა კორუფციის შესაძლო ნიშნებს“, - ნათქვამია TI-ს კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები