ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელია თებერვლის თვეში ექსპორტის 0.5%-იან კლებას და კორონავირსის ეკონომიკაზე გავლენას აფასებს.
როგორც BM.GE-ის ანი კვარაცხელიამ განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით გაიზარდა, თუმცა ის პროგნოზირებს, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება.
„გამოწვევების წინაშე არამხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანა დგას, რაც აისახება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ექსპორტზე და ყველა მიმართულებით.
რადგან ჩვენი ქვეყანა ძირითადად პირველადი პროდუქციის მწარმოებელია და არა საბოლოო პროდუქციის, ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტები ის პროდუქტებია, რომელსაც სხვა ქვეყნები სხვადასხვა პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ. ამიტომ დამოკიდებულები ვართ სხვადასხვა ქვეყნების წარმოების მიმდიანრეობაზე, თუ მათ უმცირდებათ წარმოება ჩვენგან აღარ ყიდულობენ ამ პირველადი წარმოების პროდუქციას.
თებერვლის თვეში ექსპორტის კლება მნიშვნელოვანი არ არის. მარტის თვიდან ექსპორტი დაიწყებს კლებას, იმიტომ რომ მსყიდველუნარიანობა დაეცა, ხალხს შემოსავლები შეუმცირდა ამასთან დაიხურა ძალიან ბევრი ქარხნები იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ კარანტინი ბევრ ქვეყანაში გამოცხადდება.
ბევრჯერ მოვისმინე შედარება 2008 წლის ომის პერიოდთან მიმართებაში ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით. რეალურად 2009-ში ჩვენ ექსპორტი 20%-ით შეგვიმცირდა და შემდეგ უკვე 2010 წლიდან ექსპორტმა დაიწყო 40%-იანი ზრდა და 2011-შიც იყო ძალიან მაღალი ზრდა.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია გლობალურ ეკონომიკაზე, თუმცა 2008-ში არსებულ შიდა მდგომარეობას, ასევე დაემთხვა 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყო კავშირში“, - აღნიშნა ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით თებერვლის თვეში ექსპორტი 0.5% შემცირდა, იანვარ-თებერვალში კი 4.5%-ით გაიზარდა.