მიმდინარე წლის ექვს თვეში 2019 წელთან შედარებით ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი - 87%-ით, თბილისში კი 62%-ით აღდგა. ამის შესახებ აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი აცხადებს.
"შეიძლებოდა, ექვსი თვის შედეგები უკეთესიც ყოფილიყო. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 30% უკრაინის ბაზარზე მოდიოდა.
წელს ჩვენ შევძელით და ექვს თვეში ბათუმში დავიბრუნეთ მგზავრების 87% 2019 წელთან შედარებით. ექვსი ახალი ავიაკომპანია გვყავს ბათუმში, ხუთი ახალი ავიაკომპანია გვყავს თბილისში და თბილისის საერთაშორი აეროპორტში მგზავრების 62%-ის დაბრუნება შევძელით 6 თვეში 2019 წელთან მიმართებით", - აცხადებს თეა ზაქარაძე.
თბილისისა და ბათუმის მმართველი კომპანიის გენერალური მენეჯერის თქმითვე, თბილისს სჭირდება ბევრი ევროპული მიმართულება, რაზეც ოპერატორი აქტიურად მუშაობს.
"იცით, რომ Condor Airlines-მა ოპერირება დაიწყო თბილისში. ძალიან დიდი ტრაფიკი გვაქვს გალფის ქვეყნებიდან როგორც თბილისში, ასევე - ბათუმში. ასევე, ისრაელიდან ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმისთვის.
თბილისში სიახლე გვაქვს ის, რომ EuroWings-მა დაამატა შტუტგარტის მიმართულება. ზოგადად, თბილისს სჭირდება უფრო მეტი ევროპული მიმართულება და ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე ჩვენც, სახელმწიფოც, რომ თბილისში უფრო მეტი პირდაპირი მიმართულება გვქონდეს.
ასევე საინტერესოა, რომ 2019 წელს დაფრინავდა Thai Airways, რომელიც აპირებს ოქტომბრიდან აღადგინოს ჩარტერული ავიარეისები თბილისიდან ბანკოგის მიმართულებით”, - აცხადებს თეა ზაქარაძე.