მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვს თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, სამშენებლო ფართი გაიზარდა

ექვს თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, სამშენებლო ფართი გაიზარდა
BM.GE
31.07.23 12:41
4

2023 წლის პირველ ექვს თვეში გაცემულია 5 059 ნებართვა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში გაცემული ნებართვების რაოდენობა წლიურად 0.5%-ით შემცირდა, თუმცა ნებართვაგაცემული სამშენებლო ფართის მოცულობა 25.4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომელიც მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ იანვარ-ივნისის მონაცემებს აერთიანებს.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის პირველ ექვს თვეში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5%-ით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4%-ით მეტი).

აქედან ნებართვების 73.9% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48% ქ. თბილისზე მოდის, 9.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4% - იმერეთის რეგიონზე.

აღსანიშნია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული მშენებლობების შესახებ ინფორმაციას, 2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში 1 მილიონ 337 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3% პროცენტით მეტი) 1 465 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4%-ით მეტი) მიიღეს.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 34.3% მოდის ქ. თბილისზე, 13.5% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6% - კახეთის რეგიონზე და 9.2% - ქვემო ქართლის რეგიონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები